2016 წლიდან ქვეყანაში საწვავის კონტროლი შესაძლოა, გამკაცრდეს

"გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში უხარისხო საწვავი შემოდის"

ფილტვის კიბო, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, სხვადასხვა სახის ალერგია - ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომლის წარმოშობასაც ჰაერის დაბინძურება უწყობს ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ყოველ წელიწადს 2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურება დაავადებების - 17, ხოლო სიკვდილიანობის 19 პროცენტს იწვევს. დადგენილია ისიც, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების 95% ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან შესაძლოა საქართველოში ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს. ამ მოთხოვნით მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა. კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საწვავის ხარისხი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა 2017 წლიდან უნდა გადავიდეს ევრო-5 სტანდარტის საწვავის მოხმარებაზე. თუნდაც ამიტომ, ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს კანონის დარღვევის შემთხვევაში, რა სანქციები გატარდება მის მიმართ.

ვანო მთვრალაშვილი:  პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ამ ინიციატივით მთავრობას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა. საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ნავთობის იმპორტიორი კომპანია გაჩნდა. გარდა ამისა, გაცემულია ორი ლიცენზია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე. უნდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ კომპანიების რიცხვის ზრდას მივესალმებით, რადგან ის ხელს შეუწყობს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდას, მაგრამ აქვე ჩნდება საფუძვლიანი საშიშროება, რომ შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტიც გაჩნდეს. ეს არის ურთულესი პრობლემა, რადგან უხარისხო საწვავი გარემოს აბინძურებს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თანაც, უხარისხო საწვავის იმპორტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის კეთილსინდისიერ მეწარმეს, რადგან ის შედარებით იაფია, რაც ბაზარზე არაჯანსაღ, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ამის გათვალისწინებით ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოს, რათა საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული მექანიზმები შეიმუშაოს და განახორციელოს.

- ეს რეგულაციები ხელს ხომ არ შეუშლის იმპორტიორი კომპანიების საქმიანობას?

- არანაირად. მთავარია, ისეთი მექანიზმი შეიქმნას, რომელიც დამატებით ბიუროკრატიულ და ხელისშემშლელ ბარიერებს არ შეუქმნის კომპანიებს. როგორც ვიცი, სახელმწიფო ისეთი ღონისძიებების გატარებას გეგმავს, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და წახალისებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობიც. ჯამში ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დაცული იქნას გარემო, მომხმარებელი და კეთილსინდისიერი მეწარმე. ჩვენ გვაქვს მთავრობის დადგენილება საწვავის ხარისხობრივი ნორმების შესახებ, რომლითაც დადგენილია გოგირდისთვის დასაშვები ზღვარი: ჩვენს შემთხვევაში ეს არის 200 ერთეული, რაც 2016 წლისათვის კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება: 200 ერთეული 150-მდე ჩამოდის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქციაზე, ვგულისხმობთ ისეთ საწვავს, რომელშიც მომატებულია გოგირდისა და ისეთი კომპონენტების შემცველობა, რომელიც გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. მთლიანობაში კი, საწვავის სტრუქტურის განსაზღვრა და შესწავლა ძალიან ძნელია.

- რა ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, იყიდება თუ არა უხარისხო საწვავი?

- ჩვენთან იყიდება როგორც ევროპული სტანდარტის საწვავი, რომელიც წარმოდგენილია

"პრემიუმის", "სუპერის" და "ევროდიზელის" სახით, ასევე  "რეგულარი", რომელიც ევრო-4-ის სტანდარტისაა, იყიდება დიზელის საწვავიც, რომელიც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია. თუმცა, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავაჭრო ქსელში იყიდება პროდუქტი, რომელშიც გოგირდის შემცველობა დასაშვებზე მეტი მოცულობისაა და შესაბამისად, ეს არის არასტანდარტული, უხარისხო საწვავი, რომლის გავლენაც ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მკვეთრად უარყოფითია. სწორედ ამიტომ იგეგმება ისეთი ღონისძიებები, რომლითაც გაკონტროლდება უხარისხო პროდუქციის შემოდინება და გასაღება ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უხარისხო პროდუქტი ქსელში ნამდვილად იყიდება, თუმცა აქვე დავძენ, რომ ამის მასშტაბები საგანგაშო არ არის. ამიტომაც უნდა მოვახერხოთ პრევენცია, რომ უხარისხო პროდუქტი ბაზარზე აღარ მოხვდეს. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის. მით უმეტეს, ქვეყანაში ძალიან მოიმატა სატრანსპორტო საშუალებების რიცხვმა, საწვავის მოხმარებაც მატულობს, იმპორტიც და იქმნება საშიშროება, რომ უხარისხო საწვავის რაოდენობაც გაიზარდოს. ამიტომაც სასურველია, რომ ქართულ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტი მინიმალურ ნორმებს მაინც შეესაბამაბოდეს, რაც ჩვენი მთავრობის მიერ არის დადგენილი.

- ხომ არ შეამცირებს კონტროლის გამკაცრება იმპორტის მოცულობას?

- არანაირად. თუ მექანიზმი მოქნილი და ქმედითი იქნება და ბიზნესის წახალისებისკენ იქნება მიმართული. ამ მექანიზმმა უნდა გამოავლინოს თითოეული კონკრეტული შემთხვევა. ამიტომ, ის არანაირად არ იქნება იმპორტის ან ამ ბიზნესის შემაფერხებელი. არჩევანი უნდა გავაკეთოთ - გვინდა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც შეიძლება შედარებით ძვირი იყოს, თუ უხარისხო და იაფფასიანი. ჩვენ ოფიციალური წერილობითი მიმართვები გავაგზავნეთ მთავრობაში. ამას ეთანხმებიან მსხვილი ნავთობკომპანიები და ყველა კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც ამ საქმეს ემსახურება. კონტროლს დაემორჩილება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიებიც და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. მით უმეტეს, ლაპარაკია გარემოს დაცვაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში უაღრესად აქტუალური თემაა და დადგენილი ნორმების დაცვას ჩვენგან ევროკავშირიც მოითხოვს.

ხათუნა ჩიგოგიძე