სოზარ სუბარის განცხადებით, მის უწყებაში ხელფასების ზრდა არ მომხდარა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მის უწყებაში ხელფასების ზრდა არ მომხდარა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრემიები შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია დანამატები.  "ჩვენთან არანაირი ზრდა არ მომხდარა. პირიქით, ერთგვარი შემცირებაც არის თუ შევადარებთ წინა წლებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამტებით შეიცვალა. თორდიას შეფასებით, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო. მისივე თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, რეგიონული განვითარების სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში – 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 412%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ით, დევნილთა სამინისტროში 35%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში – 270%-ით.