ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სახელფასო სისტემა 2017 წლისთვის მოწესრიგებული იქნება

არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა "სპეკულაცია" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დანამატებსა და პრემიებზე გაცემული თანხების ოდენობა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და საზოგადოების "სწორი ინფორმირებისთვის" ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შესაბამისი მონაცემების წარმოდგენა სთხოვა.  "ორი დღეა, ვაკვირდები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დამატებით პრემიები და დანამატები გაიცა სამინისტროებში. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ გთხოვთ, კიდევ ერთხელ აუხსნათ მოსახლეობას, რა დანამატებსა და პრემიებზეა საუბარი, რადგან არის ისეთი განცდა, თითქოს მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები იღებენ პრემიას. არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი, ეს ყველაფერი არის საჯარო და არაფერი დაფარული ამაში არ არის. რატომ ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა მედიასაშუალების მხრიდან? - თუ არის მოთხოვნა, გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაცია მისცეთ", - მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს.

რაც შეეხება უშუალოდ ხელფასს, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელფასები მხოლოდ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პედაგოგებსა და ექიმებს გაეზარდათ.  "ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ამ დროს კი პრაქტიკულად არაფერი არაა. არის ჯარისკაცების ხელფასები გაზრდილი 113 მილიონი ლარით, პოლიციელების 106 მილიონი ლარით. ასევე გაზრდილია მასწავლებლების და ექიმების ხელფასები... ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე. მე მგონი, უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულაცია დაასრულონ. მოსახლეობა შეყავთ მიზანმიმართულად შეცდომაში", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა დანამატების "ქაოტურად გაცემის" საკითხი წინა წლებში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკით ახსნა და განმარტა, რომ 2017 წლისთვის სახელფასო სისტემა მოწესრიგებული იქნება.  "წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა თანამშრომელს ეძლეოდა ხელფასის სახით გარკვეული თანხა, შემდეგ ემატებოდა პრემია და შემდეგ დანამატი. ჩვენ პრემიის კომპონენტი დავარეგულირეთ, რომ ქაოტურად არ ხდებოდეს მისი გაცემა და ხდება ხელფასზე დანამატის გაცემა. ეს არის საშუალოდ 300-400 ლარის დანამატი, რაც მოდის ძირითადად საშუალო და ქვედა რგოლზე, ან დეპარტამენტის უფროსებზე. ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის საჯარო სამსახურის რეფორმა დამთავრებული, რომელიც ითვალისწინებს სახელფასო სისტემის მოწესრიგებას, ისევ ცუდი პრაქტიკით გრძელდება დღემდე ხელფასების გაცემა, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2017 წლისთვის მთელი ეს სახელფასო სისტემა იქნება მოწესრიგებული და ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს დანამატი და აღარ მოხდება ასე ქაოტურად გაცემა დანამატების და პრემიების", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.