დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს "ხიდის" დამფუძნებელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს "ხიდის" დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს "ხიდს" უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.