მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა დეტალური ინფორმაციის მიწოდება სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას სთხოვა.  როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მომზადდა ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა "ქართული ჩაი", რომლის ფარგლებში სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაახლოებით 7 ათასი ჰექტარის რეაბილიტაცია მოხდება ეტაპობრივად.

"პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს დაახლოებით 2 ათასი ჰექტარის რეაბილიტაციას. განსაკუთრებული შეღავათები ექნებათ კოოპერატივებს. ჩვენ გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამასაც ვგეგმავთ. ასევე დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაინერგება სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც სრულად იქნება დაფინანსებული, ასევე დაინერგება ის სტანდარტები, რომელიც მნიშვნელოვანია საექსპორტო პოტენციალის ხელშესაწყობად, კერძოდ, ევროკავშირში ექსპორტისთვის", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე პროგრამა დამტკიცდება და რეაბილიტაციის პროცესი მომდევნო წლის დასაწყისიდან დაიწყება.