თბილისის ბიუჯეტის პროექტში მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის გრაფა ცარიელია

მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტის პროექტში არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში გრაფა, სადაც ჩაწერილი უნდა იყოს ხარჯები, რომლითაც მომავალ წელს თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, ცარიელია.

იმის გასარკვევად, ნიშნავს თუ არა ცარიელი გრაფა იმას, რომ მომავალ წელს მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია არ განხორციელდება, bpn.ge საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს დაუკავშირდა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ბიუჯეტის პროექტს ამ დრომდე არ გაცნობია. "ერთ საათში დამირეკეთ, უნდა ჩავხედო ბიუჯეტს. რეკომენდაციები დასაწერია. ასე ჰაერზე ლაპარაკი არ მინდა", - გვიპასუხა ალეკო ელისაშვილმა.

მიმდინარე წელს მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიას 1,2 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ხოლო 2014 წელს ამ მიზნებისთვის 871 ათასი ლარი დაიხარჯა.