ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია, თუმცა აცხადებს, რომ ხელფასები მაღალი თანამდებობის პირებს არ მომატებიათ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია, თუმცა მისი მტკიცებით, ხელფასები და დანამატები მაღალი თანამდებობის პირებს არ მომატებიათ. სხვადასხვა უწყებაში აღნიშნული კუთხით არსებულ ვითარებაზე ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სთხოვა.

"პრემიების საკითხი მთავრობის დადგენილებით არის მოწესრიგებული და თუ აქამდე მას ყოველთვიურად გავცემდით, ახლა ეს არის შეზღუდული, როგორც მოცულობაში, ისე რაოდენობრივად. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, ის მართლაც გაზრილია, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რა არის აღნიშნულის ძირითადი წყაროები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ 113 მილიონი ლარით გაიზარდა ჯარისკაცების ხელფასები 2012 წელთან შედარებით. ხაზს ვუსვამ - ჯარისკაცების ხელფასები და აქ არ არის საუბარი მაღალი თანამდებობის პირებზე. ასევე, 106 მილიონი ლარითაა გაზრდილი რიგითი პოლიციელების ხელფასები, იმ ადამიანების, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფო ბიუჯეტში 44 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელფასებზე, რასაც 31 დეკემბრამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იხდიან, 1-ელი იანვრიდან კი გადაიხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ცალკეულ უწყებას, ფინანსთა მინისტრმა მათზე ცალ-ცალკე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რამაც რიგი სამინისტროს შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ზრდა გამოიწვია. "მოსამართლეების ხელფასების ზრდის პარალელურად, არა ისეთი მოცულობით, მაგრამ 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი პროკურორების და გამომძიებლების ხელფასები. სასამართლოებში ხელფასები გაზრდილია 21 მილიონი ლარით. აქ შედის როგორც მოსამართლეების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები. გარემოს დაცვის სამინისტრო: თუ არ ჩავუღრმავდებით, ჩანს, რომ ხელფასებია გაზრდილი, სინამდვილეში მოხდა ის, რომ აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, ეს არის - გარემოს ზედამხედველობის სამსახური და სატყეო სააგენტო. მხოლოდ აქ არის ზრდა, არანაირ ხელფასების მატებას ადგილი არ ჰქონია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თქვენ იცით, რომ ჩვენ ვალდებულება გვქონდა აღებული, მათ შორის ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის" შეთანხმების შესაბამისად, რომ ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს სურსათის უვნებლობაზე. ამ მიზნით აღდგა რამდენიმე სამსახური, რომელიც ასევე გაუქმებული იყო. ამან არითმეტიკულად გამოიწვია მატება. ამასთან, რამდენიმე პროექტი ითხოვს კადრების დამატებას და მხოლოდ ამ მიმართულებით არის შრომის ანაზღაურების გაზრდაზე საუბარი. კულტურის სამინისტრო, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ხელფასები კოლოსალურად გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ აქ არის უბრალოდ, ციფრებით მანიპულირება. კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები არის შემცირებული (ბევრით არა - სულ 14 ათასი ლარია, მაგრამ შემცირებაა), რადგან გადავიდა სხვა ტიპის და აბსოლუტურად სწორ მიდგომაზე - ადამიანებს დამსახურების მიხედვით იღებენ ანაზღაურებას. ბევრი არაა - 14 ათასი ლარია, მაგრამ შემცირებაა. კულტურისა და განათლების სამინისტროს შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ ფაქტორზეც - სიპებზე, რომელიც კულტურის სამინისტროში 80-მდე და განათლების სამინისტროში კიდევ უფრო მეტი. სიპების ხელფასები ადრე ფინანსდებოდა სხვა, სუბსიდიების მუხლიდან. ჩვენ უბრალოდ გავასწორეთ ეს და ხელფასს დავარქვით ხელფასი, თორემ თანხა არ მოგვიმატებია. რაც იყო, იგივეა. ცალკე გეტყვით მასწავლებლების ხელფასზე. ჩვენ 2012 წლის დეკემბერში გავზარდეთ მათი ხელფასი, წელსაც გაიზარდა დაახლოებით 25 მილიონით და მომავალ წელსაც არის დაგეგმილი დაახლოებით 45 მილიონი. ფინანსთა სამინისტროს ხელფასები შემცირებულია 2 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტრომ კი, მოგეხსენებათ, რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო და მხოლოდ ამ მიმართულებით არის მატება, რაც მიზერია.  საქართველოს პარლამენტს აქვს გაზრდილი შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს არის გამოწვეული იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს უწევთ ბინების დაქირავება ქალაქ ქუთაისში. კანონის შესაბამისად, თუ იმ ქალაქში, სადაც არის პარლამენტი და პარლამენტის წევრს არ აქვს ბინა, მაშინ მათთვის სახელმწიფო ქირაობს ბინებს და ეს ეთვლებათ შრომის ანაზღაურებად. თბილისში ძირითადად ყველას აქვს ბინა, ქუთაისში კი სულ რამდენიმე პარლამენტარია, რომელიც ბინას ფლობს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში გაზრდილია ხელფასები, თუმცა ეს მოხდა 2012 წლის სექტემბერში. ციხის კადრების შემდეგ გაზარდეს. აუდიტის სამსახურში 2012 წელს შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5,1 მილიონ ლარს, მომავალ წელს კი იქნება 11,8 მილიონი ლარი - 131%-ითაა გაზრდილი. მოგეხსენებათ, რომ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ადგილობრივ თვითმმართველობებშიც არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება, ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ლარით, მაგრამ ესეც არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, 2012 წლის ნოემბრის განკარგულების მიხედვით, როდესაც მან მნიშვნელოვნად გაზარდა "ჭერი", რომელიც იყო დაწესებული. აი, ეს არის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ნათელი სურათი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.