მოქალაქეების ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 96-ე პოზიციაზეა

მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 96-ე პოზიციაზეა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30% არის ფინანსურად განათლებული.

რეიტინგის თანახმად, საქართველოში რისკის დივერსიფიკაცია სწორად ესმის გამოკითხული მოქალაქეების 22%-ს, არასწორად - 31%-ს, არ იცის/უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 46%, ინფლაცია სწორად ესმის გამოკითხულთა 66%-ს, არასწორად - 12%-ს, არ იცის/უარი თქვა პასუხზე - 22%-მა, პროცენტი - სწორად ესმის 54%-ს, არასწორად 25%-ს, არ იცის/უარი თქვა პასუხზე - 21%-მა, რთული პროცენტი - სწორად ესმის 32%-ს, არასწორად - 28%-ს, არ იცის/უარი თქვა პასუხზე - 40%.

ფინანსური განათლების დონის რეიტინგის პირველ სამეულში - ნორვეგია, დანია და შვედეთი არიან. სამივე ამ ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 71% ფინანსურად განათლებულია. რეიტინგის ბოლო საფეხურებზე ავღანეთი - 14%, ალბანეთი - 14% და იემენი - 13% აღმოჩნდნენ.

bpn

GFLEC-ის დირექტორის ანამარია ლუსარდის განცხადებით, კვლევის შედეგები არცთუ სახარბიელოა. „ფინანსური განათლების დონე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ანამარია ლუსარდიმ.

რეიტინგის თანახმად, აშშ 14 პოზიციაზე აღმოჩნდა - 57%, იაპონია კი 38-ზე - 43%-ით.

ფინანსური განათლება ნიშნავს ფინანსურ ცნობიერებასა და ცოდნას. იგი გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტების, ინსტიტუტებისა და ცნებების ცოდნას, არამედ ფინანსურ უნარებს, როგორიცაა რთული საპროცენტო გადასახადების გამოთვლა. რეიტინგი Standard & Poor’s-მა „გალაპთან“, მსოფლიო ბანკთან და ფინანსური განათლების კვლევის გლობალურ ცენტრთან (GFLEC) ერთად მოამზადა.