არასამთავრობო ორგანიზაცია "startup მარანის" ორგანიზებით, თბილისში მეოთხე ღონისძიება ჩატარდება

თბილისში, 22 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია "startup მარანის" ორგანიზებით, მეოთხე ღონისძიება ჩატარდება.  ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია შექმნას ერთგვარი ხიდი დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის, რომელიც მათ ერთმანეთთან დააკავშირებს. "პროექტის მეშვეობით დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად. მათ ეძლევათ შანსი, მოიპოვონ დაფინანსება 1000-დან 100 000 დოლარის ფარგლებში, ინვესტორებს კი შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინოვაციურ იდეებს და მოახდინონ ინვესტიცია მათთვის საინტერესო სტარტაპში", -აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიების სახით გაიმართება შეხვედრა მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის, რომელსაც დაესწრებიან საქართველოში არსებული წარმატებული კომპანიების დამფუძნებლები, დირექტორები და მოწვეული ინვესტორები სხვადასხვა სფეროდან. აპლიკაციების საფუძველზე, რომლის მიღებაც სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, შეირჩნენ დამწყები მეწარმეები, რომლებიც 22 ნოემბერს საკუთარ იდეებს დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ. ორგანიზატორების ცნობით, აპლიკაციების მიღება უკვე დასრულებულია, თუმცა იდეებზე მუშაობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაიწყონ "startup მარანის" შემდგომი ღონისძიებებისთვის.