ირაკლი ღარიბაშვილი: ხელფასები მხოლოდ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პედაგოგებსა და ექიმებს გაეზარდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელფასები მხოლოდ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პედაგოგებსა და ექიმებს გაეზარდათ.  როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ინფორმაცია, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე და მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.  "ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ამ დროს კი პრაქტიკულად არაფერი არაა. არის ჯარისკაცების ხელფასები გაზრდილი 113 მილიონი ლარით, პოლიციელების 106 მილიონი ლარით. ასევე გაზრდილია მასწავლებლების და ექიმების ხელფასები... ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე. მე მგონი, უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულაცია დაასრულონ. მოსახლეობა შეყავთ მიზანმიმართულად შეცდომაში", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, პრემიერმა "სპეკულაცია" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დანამატებსა და პრემიებზე გაცემული თანხების ოდენობა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. მისივე თქმით, არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. "ორი დღეა, ვაკვირდები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დამატებით პრემიები და დანამატები გაიცა სამინისტროებში. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ გთხოვთ, კიდევ ერთხელ აუხსნათ მოსახლეობას, რა დანამატებსა და პრემიებზეა საუბარი, რადგან არის ისეთი განცდა, თითქოს მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები იღებენ პრემიას. არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი, ეს ყველაფერი არის საჯარო და არაფერი დაფარული ამაში არ არის. რატომ ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა მედიასაშუალების მხრიდან? - თუ არის მოთხოვნა, გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაცია მისცეთ", - მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დანამატების "ქაოტურად გაცემის" საკითხი წინა წლებში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკით ახსნა და განმარტა, რომ 2017 წლისთვის სახელფასო სისტემა მოწესრიგებული იქნება.