ნოდარ ხადურის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურში შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 131%-ით არის გაზრდილი

აუდიტის სამსახურში შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 131%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. "არ მინდოდა ამ თემაზე დიდი ყურადღების გამახვილება, მაგრამ 2,5-ჯერაა გაზრდილი შრომის ანაზღაურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში - 5 მილიონიდან 11,8 მილიონ ლარამდე. ამიტომ გასაგები და სწორია, რომ აუდიტორებს, რომლებიც ამოწმებენ სახელმწიფო დაწესებულებებში ბიუჯეტის შესრულებას, უნდა ჰქონდეს შესაბამისი შრომის ანაზღაურება, მაგრამ შესაბამისი შრომის ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ მაგალითად აუდიტორებს, რომლებიც ამოწმებენ კერძო კომპანიას", - განუცხადა ხადურმა ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო უწყებებში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშზე კომენტირებისას.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით კი, სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატებზე გაცემული თანხის ოდენობა 45 მილიონი ლარითაა გაზრდილი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის მწვავე კრიტიკა ისმის.