მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირი ხვალ ქსნის მინის ტარის მწარმოებელი მუშების მხარდასაჭერ აქციას გამართავს

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირი ხვალ, 20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქსანში, სს "მინას" საწარმოსთან, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი მუშების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციას გამართავს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ინფორმაციით,  სს "მინას" ადმინისტრაციისთვის, ადგილობრივ პროფკავშირულ კომიტეტს უკვე დიდი ხანია წარდგენილი აქვს მოთხოვნა ხელფასების 30%-ით მატებასთან დაკავშირებით. "წინადადება შემუშავდა, თითქმის ორჯერ გაზრდილ საწარმოო სიმძლავრეებში დასაქმებულთა მონაწილეობის ინდექსისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების მიხედვით. ის სპეციალურად გაკეთებულ დათვლებსა და გაანგარიშებას ეყრდნობა. ადმინისტრაცია დღემდე ამტკიცებს, რომ საწარმოო სიმძლავრეების მატების საქმეში, დასაქმებულთა წვლილი იმდენად მინიმალურია, რომ შეუძლებელია ხელფასების მატებაზე იქნას ასახული, რასაც პროფკავშირი კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს, რომ კომპანიამ უფრო დამაჯარებელი არგუმენტები წარმოადგინოს", - აცხადებენ პროფკავშირში.

მათივე ინფორმაციით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის გაფართოებულმა თათბირმა გადაწყვიტა მოლაპარაკებები გადაიყვანოს შემათანხმებელი პროცედურების რეჟიმში და გამოიყენოს მედიაციის მექანიზმი.  კოლექტიური შრომითი დავა უკვე დაიწყო და პროცესში უკვე ჩაერთო მედიაცია. მუშების მოთხოვნებია: კოლექტიური ხელშეკრულების დადება; ხელფასების 30%-იანი მატება; ადგილობრივი პროფკავშირისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფა.