სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგში ხარჯების თანადაფინანსებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" თბილისის მუნიციპალური პროგრამის "სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება" ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების განაცხადების მიღებას იწყებს.

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ინფორმაციით, აღნიშნული ინსტრუმენტის კომპონენტებია:

ა) სესხის პროცენტის თანადაფინანსება - საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ბენეფიციარებზე გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის არაუმეტეს 7 საპროცენტო ერთეულის თანადაფინანსება, არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში;

ბ) უძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობის თანადაფინანსება - სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართის საიჯარო ქირის თანადაფინანსება არაუმეტეს 18 თვის ვადით. თანადაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის 50%-ს და ამავდროულად - 15 ლარს 1 კვ.მ-ზე;

გ) ძირითადი საშუალებების ხარჯების თანადაფინანსება - გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო აღჭურვისა და რემონტის (მათ შორის ისეთ უძრავ ქონებაზე, რომელიც ბენეფიციარის საკუთრებას არ წარმოადგენს) ხარჯების თანადაფინანსება, ამასთან, ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი აღჭურვისა და რემონტის ჯამური ხარჯების 30%-ს და ამავდროულად - 70,000 ლარს.

თანადაფინანსების მიღების მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ ა(ა)იპ-ში "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი", მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0102, დავით აღმაშენებელის გამზ. № 89/24, მე-7 სართული. განაცხადების მიღების ვადა შეზღუდული არ არის. აღნიშნული მუნიციპალური პროგრამის ტექსტი და შესაბამისი განაცხადის ფორმა განთავსებული ბმულზე: http://www.jobs.ge/103837/