კარლო ნატალე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე პოლიტიკურ შეხედულებებს გავლენა არ ექნება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე არ ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე პოლიტიკურმა შეხედულებებმა შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ კარლო ნატალემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. "ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კურსის მიხედვით. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პოლიტიკური გავლენა იქნება ამ პროცესზე. ჩვენ ველოდებით დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ანგარიშს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კარლო ნატალემ.

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? - მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.