მიწისქვეშა გადასასვლელების დიდი ნაწილი კერძო მფლობელებზეა გასხვისებული

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელების დიდი ნაწილი კერძო მფლობელებზეა გასხვისებული.

როგორც მან bpn-თან საუბრისას განაცხადა, მიწისქვეშა გადასასვლელები წინა ხელისუფლების მიერ გასხვისდა და მერიის მფლობელობაში ძალიან ცოტა გადასასვლელია დარჩენილი.

"მიწისქვეშა გადასასვლელების ძალიან დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების მიერ გასხვისებულია. აქედან გამომდინარე, მათ ჰყავთ კონკრეტული მეპატრონე და გვინდა, აღნიშნულმა მეპატრონეებმა ჩადებული ვალდებულებები შეასარულონ და მოუარონ გადასასვლელებს", - ასე უპასუხა ჯაბა სამუშიამ ჩვენს შეკითხვას, თუ რატომ არის 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში ცარიელი გრაფა, სადაც ჩაწერილი უნდა იყოს ხარჯები, რომლითაც მომავალ წელს თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო.

რაც შეეხება მერიის მფლობელობაში დარჩენილ მიწისქვეშა გადასასვლელებს, ჯაბა სამუშიას თქმით, მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა და მათი დაფინანსება სხვა კუთხით ხორციელდება.

"მერიის მფლობელობაში ძალიან ცოტა მიწისქვეშა გადასასვლელია დარჩენილი და მათი დაფინანსება სხვა მიმართულებით მიდის", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მიმდინარე წელს მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიას 1,2 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ხოლო 2014 წელს ამ მიზნებისთვის 871 ათასი ლარი დაიხარჯა.