ლაშა თორდიამ კულტურის სამინისტროში გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ კულტურის სამინისტროში გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის მიერ სახელმწიფო უწყებებში გაცემულ დანამატებზე გაკეთებულ განცხადებებს მინისტრებისგან სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა, მათ შორის კულტურის მინისტრისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის არაადეკვატური დასკვნა და ის აპელირებდა 2015 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებულ სიპებზე. როგორც გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ამ სიპების გარეშე 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა გაზრდილია 604%-ით, ხოლო სიპების ჩათვლით 1509%-ით.

გენერალური აუდიტორის თქმით, კულტურის სამინისტროში სხვა უწყებებთან შედარებით დანამატების ყველაზე დიდი რაოდენობაა გაცემული. "განცხადება მინდა გავაკეთო ცალკეული მინისტრების გამოხმაურებებზე პრემიების და დანამატების საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა დანამატებთან დაკავშირებით. პრემიების საკითხი, რომელიც ასე თუ ისე დარეგულირდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მან არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია დანამატებით პრემიების ჩანაცვლებაზე. ჩვენი დასკვნები ემყარება ხაზინის სამსახურის მიერ მოწოდებულ ციფრებს. კულტურის სამინისტროში დამანატები გაზრდილია 1509%-ით. კულტურის სამინისტროს დაემატა სიპები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ამ სიპების გამოკლებით 2015 წლის პირველი 9 თვეს 2014 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 604%-ით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა", - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, შემცირდა პრემიები, თუმცა გაიზარდა დანამატები. "სულისკვეთება საქართველოს მთავრობის იყო, რომ შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, თუმცა თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, მაგრამ გაიზარდა დანამატები. შესაბამისად, შემდეგი სურათია, რომ 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიები, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა", - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.