"ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად 2020 წლამდე 15 მილიარდი ევროა გამოყოფილი"

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განსახორციელებლად 2020 წლამდე 15 მილიარდი ევრო არის გამოყოფილი. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო ნატალემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნატალემ ისაუბრა განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე, რომელიც გუშინ ევროკომისიამ და ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ წარმოადგინეს. განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია: სტაბილიზაცია, დიფერენცირებული მიდგომა და პროცესზე პასუხისმგებლობის ხელში აღება (,,პროცესის მეპატრონეობა"). კერძოდ, სტაბილიზაცია განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად იქნა მიჩნეული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პარტნიორი არ იღწვის ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, ასევე, იმისთვის, რომ სწორად იქნას ასახული პარტნიორი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის ხასიათი და მასშტაბი, დიფერენცირებული მიდგომა და პარტნიორის მიერ პროცესის საკუთარ ხელში აღება (,,პროცესის მეპატრონეობა") განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი იქნება.

ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკა მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, რაც ეკონომიკური სტაბილიზაციის ძირითადი საკითხია. ახალი აქცენტი გაკეთდება პარტნიორ ქვეყნებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით კონფლიქტების პრევენციის, კონტრტერორიზმის და რადიკალიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ. პრიორიტეტულ საკითხებად რჩება, ერთი მხრივ, უსაფრთხო და ლეგალური მობილურობა და მეორე მხრივ, არალეგალური მიგრაციის, ადამიანის ტრეფიკინგის და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა პარტნიორებთან მუშაობას ენერგოუსაფრთხოების და კლიმატის ცვლილების სფეროში. მეზობლებთან ურთიერთობებში ევროკავშირი სთავაზობს მათ აქცენტის გადატანას ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ორივე მხარის პოლიტიკურ პრიორიტეტებად აღიარებს. სწორედ ეს იქნება განხილული პარტნიორებთან და ეს არის უმნიშვნელოვანესი მათში ,,პროცესის მეპატრონის" განცდის გასაძლიერებლად.  განახლებული სამეზობლო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფრო ინტენსიურად ჩართვა სამეზობლო პოლიტიკის განსაზღვრის და განხორციელების საქმეში. საუბარია, რომ ახალი ENP-ის ფარგლებში არსებული ფინანსური რესურსების გამოყენება უფრო მოქნილი გახდება, რომ ევროკავშირმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს სამეზობლოში მიმდინარე გამოწვევებზე. განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკით გათვალისწინებული იქნება, ასევე, სხვა, სამეზობლოს გარეთ მოქმედი რეგიონული აქტორების ჩართვა ისეთ შემთხვევებში, როდესაც რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავება გახდება საჭირო.

განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემოვა ზოგიერთი ახალი სამუშაო მეთოდი, მათ შორის გაუქმდება ქვეყნების შესახებ ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშების პაკეტის გამოქვეყნება. ანგარიშების მომზადება უკეთ იქნება მორგებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ხასიათსა და ურთიერთობებში დასახულ მოვლენათა კალენდარზე. მომავალი თვეების განმავლობაში დღეს წარმოდგენილი წინადადებები განხილული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ ერთობლივად განისაზღვროს პრიორიტეტები და მომავალი ურთიერთობები.