სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავრობას დანამატებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავრობას დანამატებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რომ დანამატების საკითხი დარეგულირდეს. "ჩვენ რეკომენდაცია მივეცით მთავრობას, ვინაიდან მთავრობამ მიიღო დადგენილება პრემიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ სხვა ფორმით თანხების გაცემას სხვადასხვა უწყებებში. ზუსტად ამას ეხება რეკომენდაცია, რომ თუ მთავრობამ დაარეგულირა პრემიების საკითხი, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რომ დანამატების საკითხიც დარეგულირდეს. დაერქვას ამ თანხას ხელფასი და ყველასთვის იქნება ნათელი, თუ რამდენი აქვს ხელფასი ამა თუ იმ უწყებაში საჯარო მოხელეს და რა არის იმის ზემოთ დანამატი და პრემია. ყოველთვის მივესალმებით თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას დაარეგულიროს აღნიშნული პრობლემა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, თუ როგორ ფინანსდებიან უწყებები, რა გასამრჯელოებია და რა არის დანამატი და რა არის პრემია", - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, დანამატები არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრული იყოს.  "უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ გაიცა დამატებით თანხები. პრემია და დანამატი გულისხმობს ზეგანაკვეთური შრომის შედეგად გასამრჯელოს, ან უქმე დღეებში მუშაობის გამო მიღებულ გასამრჯელოს და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება წინასწარ იყოს ცალკეული საჯარო მოხელეებისთვის განსაზღვრული დანამატიც და პრემიაც. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით, რომ პრემია ან დანამატი არსებობდეს. ფინანსთა მინისტრის ბრძანებისა და კანონმდებლობის მიხედვით, პრემიასაც და დანამატსაც უნდა მოყვეს შესაბამისი დასაბუთება. ეს არ ჩანს არსად", - აღნიშნა თორდიამ.