მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, გზების ტენდერში შერჩეული "ალტკომის" უკან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის საახლობლო დგას

ოპოზიციონერი დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, გზების ტენდერში შერჩეული უკრაინული კომპანიის "ალტკომის" უკან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საახლობლო დგას. "ალტკომის" საკითხით მაჭავარიანი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, სადაც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილს მოუსმინეს.  მაჭავარიანის თქმით, სამტრედიის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით "ალტკომმა" ტენდერი 2013 წელს მოიგო, მას ავანსის სახით თანხის 30% - 42 მილიონი ჩაერიცხა და ეს მოხდა მაშინ, როცა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, ახლა მხოლოდ 2-3 მილიონის სამუშაოა შესრულებული და მთავრობა ამით კმაყოფილია. "მეგზევეებმა ძალიან კარგად იციან, რა მითქმა-მოთქმა იყო "ალტკომთან" დაკავშირებით. 2013 წელს, როცა უკრაინაში მიდიოდა ის მოვლენები, როცა უკრაინა თავის დასავლურ არჩევანს იცავდა. რატომ შეირჩა დონეცკური კომპანია, დაკავშირებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის ახლობლებთან – ვიცე-პრემიერ კოლესნიკოვთან?! საუბრობდნენ კონკრეტულ გვარებზე, რომელიც მაშინ საქართველოდან ხშირად ჩადიოდა უკრაინაში. რატომ მოიგო ამ კომპანიამ ტენდერში და რატომ მოხდა მისთვის წინასწარ ავანსად 42 მილიონის გადარიცხვა?! მას ეს თანხა წინასწარ გადაურიცხეს, მაშინ როცა მარტის თვეში არანაირი აქტივი არ არსებობდა. ის საბანკო გარანტიაც ქაღალდი იყო, რადგან მოგეხსენებათ, რა მოხდა უკრაინაში", - განაცხადა მაჭავარიანმა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით არის კატასტროფა – არც ერთი პროექტი ვადაში არ ხორციელდება. ამას კი, მაჭავარინის თქმით, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი ადასტურებს. ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად შერგელაშვილმა განმარტა, რომ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით არსებობს საავანსო თანხების გადარიცხვის პრაქტიკა, საავანსო თანხის გაცემა შესაბამისი საბანკო გარანტიით კეთდება და ეს უბრალოდ მიცემული ფული არ არის.  "რაკი კომპანიას შეექმნა პრობლემა და ნაწილობრივ იმ საფინანსო ინსტიტუტებსაც, ვისთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა, საშუალება გვქონდა, ერთის მხრივ, ჩავრთულიყავით ძალიან გრძელ სამართლებრივ დავებში და პროექტი შეწყვეტილიყო, ხოლო მეორე მხრივ, აღგვედგინა მუშაობა. მოლაპარაკებები გაიმართა და ივნისს-ივლისის თვიდან სამუშაოები დაიწყო. კი, ამ პროექტის შესრულების ვადა გადაიწევს, მაგრამ პროექტს რომ საფრთხე არ შეექმნას, ამაზე არის ყოველდღიური მუშაობა", - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.