დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის შემსუბუქების ინიციატივის სესიაზე გატანას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, რომელიც კომიტეტს დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა, ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების მიმართ სასჯელების შემცირება ხორციელდება - ცალკეული დანაშაულებისთვის ხდება თავისუფლების აღკვეთის გაუქმება და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმების ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, ან თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება.

კანონპროექტი ითვალისწინებს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" რამდენიმე მუხლის ამოღებას.  როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პროექტის განხილვისას განაცხადა, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაუწიოს კომიტეტმა პროექტს, ამით ინიციატივის სესიაზე გატანა არ ჩერდება. ამიტომ ტყემალაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა, საკითხის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანისათვის მხარი დაეჭირათ და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტს მიეღო.  "ძალიან დიდი მადლობა. თქვენნაირი საქმიანი კომიტეტის თავმჯდომარე ბევრი რომ იყოს, კარგი იქნებოდა", – მიმართა მაჭავარიანმა ტყემალაძეს.