ახალი ავტობუსები ბუნებრივ აირზე იმუშავებენ

ქალაქში საცობების განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებად თბილისის მერია არსებული მუნიციპალური ავტოპარკის განახლებასა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობასა და არსებულის განახლებაში ხედავს. ახალი, ევროკავშირის სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ჯერ არსად ჩანს, თუმცა ქალაქის მთავრობა გვპირდება, რომ თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები უკვე 2016 წლიდან იმოძრავებენ. უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტობუსები გაზზე იმუშავებენ და ყველას სატრანსპორტო საშუალება გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით იქნება აღჭურვილი. მომავალ წელს იგეგმება კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია. ამ მიზნით მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერის მოადგილე: ჩვენ მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, თბილისში საცობების წარმოქმნის სამი მთავარი მიზეზი არსებობს: ეს არის მზარდი ავტოპარკი, მოუწესრიგებელი მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები. გარდა ამისა, აღსანიშნავია ასევე თბილისში მიმდინარე გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები, რაც ასევე აფერხებს ტრანსპორტის გადაადგილებას. ჩვენ ვაპირებთ ისეთი ინფრასტრუქრული პროექტების განხორციელებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო კვანძების უფრო მეტი გამტარუნარიანობა. მნიშვნელოვანია ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავება და მოძრავი შემადგენლობის განახლებაც - ვგულისხმობ ავტობუსებს, მეტროს და საბაგირო ხაზებს.

- ამ ეტაპზე რა ღონისძიებების გატარება შეძელით?

- უკვე ძალაში შევიდა მთელი რიგი რეგულაციები, რაც მერიის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დედაქალაქში შეიზღუდა პიკის საათებში დასუფთავების მანქანების გადაადგილება. დაგეგმილია საცობების აპლიკაციის დანერგვა, რაც მძღოლებს მეტი ინფორმირების საშუალებას მისცემს. ასევე ვფიქრობთ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარებას, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა უფრო მოწესრიგებული გახდეს. როდესაც ბოლომდე დასრულდება ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს, ესეც თავისთავად შეუწყობს ხელს დედაქალაქის ქუჩების განტვირთვას. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად არის ჩართული მოძრაობის მოწესრიგებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საცობების სიმწვავეს. ისიც უნდა ითქვას, რომ საცობები ყველა დიდი ქალაქის პრობლემაა და თბილისი ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება. თბილისში ყოველდღიურად 500 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, თანაც, ავტომობილების რიცხვი მზარდია. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დაგეგმილი ქმედებები ამ პრობლემას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

- იგეგმება თუ არა სხვა სახის ტრანსპორტის, კერძოდ, ტრამვაის, ან ტროლეიბუსის მოძრაობის აღდგენა?

- თავდაპირველად ავტობუსების პარკის განახლებას ვგეგმავთ, უახლოეს პერიოდში გამოცხადება ტენდერი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით და 2016 წლის ივლისში თბილისში უკვე ახალი ავტობუსები გამოჩნდებიან. დაგეგმილია მეტროს სადგურების და მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, უკვე შენდება კუს ტბის საბაგირო გზაც... მიმდინარეობს კვლევა და რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი განიხილება. რაც შეეხება ტრამვაის, ეს უფრო მომავლის პროექტია. იმავეს თქმა შეიძლება ტროლეიბუსებზეც - დღესდღეობით ეს თემა არ განიხილება.

- გვაინტერესებს რამდენად რეალურია ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში და რა დროისთვის მოესწრება ეს?

- ახალი ავტობუსები ახალი ტიპის საწვავზე ანუ GNG-ის ბუნებრივ აირზე იმუშავებს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mott MacDonald-ის კვლევის მიხედვით ეკონომიკური, ეკოლოგიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით მათი უპირატესობა აშკარად იკვეთება. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი ავტობაზის მშენებლობაც. ახალი ავტობუსები აუცილებლად იქნება ადაპტირებული და მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე და მათაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მგზავრობის პირობებს.

- ძალზე საინტერესოა საბაგირო გზების განვითარების პროექტიც. რა პერსპექტივები აქვს თბილისს ამ მხრივ?

- თბილისი მთაგორიანი ქალაქია, შესაბამისად, აქ საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისთვის რეალური წინაპირობები არსებობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული ვარიანტების კვლევა: განიხილება ვაზისუბანი-სამგორის, უნივერსიტეტი-ბაგები-წყნეთის და დელისი-ნუცუბიძის მიმართულებები, თუ რომელზე გავაკეთებთ პირველ ეტაპზე არჩევანს, ამას კვლევის შედეგები გვაჩვენებს. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი დედაქალაქის ქუჩების განტვირთვას და საცობების პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს, რაც ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქის ნებისმიერი მკვიდრისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე