კულტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ გენერალური აუდიტორი მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარვეზებს საჯაროდ აღიარებს

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ თუ უწყების მიმართ დანამატებთან დაკავშირებით მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია გაგრძელდება, პროცესებმა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს.  როგორც გიორგაძემ გუშინ, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარვეზებს საჯაროდ აღიარებს.  "ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩემი მოადგილე გიორგი ბაქრაძე შეხვდა ლაშა თორდიას, სადაც დაანახა გენერალურ აუდიტორს მის მიერ წარმოდგენილი ანალიზის არასწორობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი ლაშა თავად იყო შეცდომაში შეყვანილი. ის დაეთანხმა ბატონ გიორგის, აღიარა ეს ხარვეზი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ეყოფა გამბედაობა, რომ ეს ხარვეზები ისევე საჯაროდ აღიაროს, როგორც ჩვენს მიმართ იყო გავრცელებული ეს დეზინფორმაცია. მე ასევე მინდა კიდევ ვთქვა, რომ თუ მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია კულტურის სამინისტროს მიმართ გაგრძელდება, ჩვენ მზად ვიქნებით ეს დისკუსია გადავიტანოთ სამართლებრივ სივრცეში", - განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით პრემია-დანამატების რაოდენობა შემცირდა.  "დეზინფორმაციის გავრცელება კულტურის სამინისტროსთან მიმართებაში გაგრძელდა. ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე საზოგადოებისთვის განმარტებები გავაკეთო. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გენერალური აუდიტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანა. შრომის ანაზღაურება შედგება პრემიისგან, დანამატისგან და კიდევ რამდენიმე სხვა კატეგორიისგან. განცხადება იმის შესახებ, რომ დანამატი გაიზარდა 1500%-ით, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამ ინფორმაციას უსმენს და ვერ ერკვევა საბიუჯეტო მუხლების ფორმირებაში, ნიშნავს იმას, რომ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის და მისი თანამშრომლებისთვის კეთილდღეობა 1500%-ით გაიზარდა, ამ დროს კი ციფრები მეტყველებს სრულიად საპირისპიროზე. შრომის ანაზღარება, რომელშიც შედის დანამატი და პრემია, 2014 წელთან მიმართებაში არის 14 000 ლარით შემცირებული. იმ პირობებშიც, როდესაც 2014 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით გაიზარდა, 14 000 ლარით არის შრომის ანაზღაურება შემცირებული. თუ მაინც და მაინც ცალკე პრემიასა და დანამატზე ვისაუბრებთ, მაშინ 2014 წელთან შედარებით 2015 წლის პრემია-დანამატის კლება არის 91 000 ლარიანი", - აღნიშნა თორდიამ.

მისივე თქმით, მხოლოდ დანამატებზე საუბარი ამახინჯებს სურათს. "შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ შრომის ანაზღაურებაზე, პრემიაზე ან სხვადასხვა კატეგორიებზე და ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ დანამატებზეო. სწორედ ეს არის მანიპულირება ციფრებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან ასეთი ანალიზის გაკეთება არ შეიძლება და სრულიად ამახინჯებს სურათს. მთავარი გზავნილი, რაც თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ კულტურის სამინისტრომ თავისი კეთილდღეობა 1500%-ით გაზარდა, არის სრული სიცრუე", - აღნიშნა გიორგაძემ.  კულტურის მინისტრი ასევე უარყოფს, რომ უწყებაში დანამატების შესახებ ბრძანებები წინასწარ იწერება. "კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც გენერალური აუდიტორისგან მოვისმინეთ არის, რომ დანამატებთან დაკავშირებით წინასწარ იწერება ბრძანებები და როგორ შეიძლება ასეთი რამის განსაზღვრაო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამინისტროში ჩემი მოსვლის დღიდან, არცერთი ასეთი წინასწარი ბრძანება არ დაწერილა. სწორედ, მხოლოდ მკაცრი ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვის პირობებში ეძლევათ დანამატები და ამ მკაცრმა აღრიცხვიანობამ გამოიწვია ის კლება პრემია-დანამატის ჯამურ მაჩვენებელში, რომელზეც ვისაუბრე", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.  მისივე თქმით, გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, რომ 31 მილიონით შემცირდა სახელმწიფო უწყებებში პრემია, ხოლო დანამატი 45 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა არავითარი კავშირი ამ ციფრებთან კულტურის სამინისტროს არ აქვს. "ეტყობა, ბატონი ლაშა საუბრობდა მთლიან საბიუჯეტო სისტემაზე, რომელშიც 3000-ზე მეტი ორგანიზაცია შედის. ამიტომ, ამ კონტექსტში კულტურის სამინისტროზე საუბარი არის აბსოლუტურად არასწორი", - აღნიშნა მინისტრმა.

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ კულტურის სამინისტროში გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც თორდიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის მიერ სახელმწიფო უწყებებში გაცემულ დანამატებზე გაკეთებულ განცხადებებს მინისტრებისგან სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა, მათ შორის კულტურის მინისტრისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის არაადეკვატური დასკვნა და ის აპელირებდა 2015 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებულ სიპებზე. როგორც გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ამ სიპების გარეშე 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა გაზრდილია 1509%-ით, ხოლო სიპების ჩათვლით 604%-ით.  გენერალური აუდიტორის თქმით, კულტურის სამინისტროში პროცენტულად სხვა უწყებებთან შედარებით დანამატების ყველაზე დიდი რაოდენობაა გაცემული.