სათამაშო ბიზნესიდან თბილისის ბიუჯეტში ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი შედის

სათამაშო ბიზნესიდან დედაქალაქის ბიუჯეტში ყოველ წელს დაახლოებით 40 მილიონი ლარი შედის. ამდენივეს მიღებას ვარაუდობს თბილისის მთავრობა გადასახადებისა და სხვადასხვა მოსაკრებლის სახით მომავალი წლის ბიუჯეტშიც.  აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესისთვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი ტერიტორიების მიხედვით არის განსაზღვრული.

2014 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ პირველი კვლევის ანგარიშის მიხედვით, მთლიანად საქართველოში სათამაშო ბიზნესში 30-ზე მეტი დიდი კომპანია იყო ჩართული.

აღნიშნული კვლევა 2005-2014 წლებში საქართველოს მასშტაბით აზარტული თამაშების ბიზნესზეა ჩატარებული. რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, რომლის დროსაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 3.2-ჯერ, ხოლო მიღებულმა მოგებმა 54-ჯერ გადააჭარბა 2010 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. კვლევის შედეგებით, საგრძნობი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2012-2013 წლებში. ასევე ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს აზარტული და სხვა ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა. ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს.