კახა კალაძე: როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ელექტროენერგიის საფასური 4 თეთრით შევამცირეთ

როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ელექტროენერგიის საფასური 4 თეთრით შევამცირეთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  მისი თქმით, ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენჯერმე იქნა გაკეთებული და იმის გამომწვევი მიზეზებიც იქნა ახსნილი, თუ რატომ დაუბრუნდა ისევ იმ ძველ ნიშნულს, რომელიც 2012 წელამდე იყო.

"ამ მიმართულებით ჩვენ ფართო განმარტებები გავაკეთეთ. ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის მძიმე და მტკივნეულია, როდესაც ჩვენ იმ ძველ ნიშნულს დავუბრუნდით. როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 4 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის საფასური, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც დოლარი ლართან მიმართებაში გამყარდა, ჩვენ გვიწევს, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის შემოტანა, ასევე თბოელექტროსადგურები, რომლებიც გაზზე მუშაობს და ჩვენ გაზის საფასურს დოლარს ვიხდით - ამის გამო მოხდა ტარიფის კორექტირება და იმ ძველ ნიშნულზე დაბრუნება, რომელიც 2012 წლამდე იყო", - განაცხადა კალაძემ.