მიხეილ ბოცვაძე: ახალი წლიდან ტარიფების ზრდა, ან შემცირება არ იგეგმება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე მიიჩნევს, რომ ახალი წლიდან ტარიფების ზრდა, ან შემცირება არ იგეგმება, - ამის შესახებ ბოცვაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით "ენერგო-პრო ჯორჯია" უკმაყოფილო იყო. "კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკი ტარიფების გადახედვას ყოველწლიურად განიხილავს. კალკულაცია მიმდინარეობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა და ვფიქრობ, რომ ახალი წლიდან ტარიფების ზრდა, ან შემცირება არ იგეგმება. ეს კითხვა უფრო მარეგულირებელ კომისიას უნდა დაუსვათ", - განაცხადა ბოცვაძემ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ გეგმავს კომპანია თავად მიმართოს სემეკს სატარიფო განაცხადით, მიხეილ ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შესყიდული ელექტორენერგიის ფასი უჭირავთ და კარგად მიდიან.  "კარგია, რომ ჩვენს შესყიდვაში იმპორტირებული ელექტორენერგიის წილი მცირეა", - დასძინა ბოცვაძემ. მისივე თქმით, კომპანიის მიერ ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია. "არის გარკვეული ხარვეზები იმ პირობებში, როდესაც ძალიან რთული ჰიდრომეტეოროლოგიური მდგომარეობაა ქვეყანაში, თუმცა დავაფიქსირეთ მაქსიმალური მზაობა, ავარიებზე მაქსიმალურად ოპერატიული რეაგირება. მასიური გათიშვა არ იქნება, თუ იქნა ისეთი სტიქია, რაც იყო, გათიშული გვქონდა 140 000 აბონენტი, თუმცა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდა ამაზე რეაგირება და ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურებმა შესაბამისი სამუშაოები წარმატებით გასწია და ერთი დღის განმავლობაში უდიდესი ნაწილი ჩაირთო. თუ ავარია იქნა, ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები", - განაცხადა ბოცვაძემ.

რაც შეეხება "ენერგო-პრო ჯორჯიას" გაყიდვის შესახებ პრაღაში, სათავო ოფისში დაწყებულ მოლაპარაკებებს, მიხეილ ბოცვაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები.

"რა ეტაპზეა ახლა ვერ დავკონკრეტდები, სათავო ოფისში მიმდინაროებს ეს მოლაპარაკება. გარკვეული სამუშაოები გრძელდება, თუმცა დასრულების კონკრეტულ დღეს ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ბოცვაძემ. კითხვაზე - რა მიზეზით დაიწყო ეს მოლაპარაკებები, ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ეს უკვე სათავო ოფისის კომპეტენციაა.  "იდეაში ჯგუფი შეიძლება განიხილავდეს ბიზნესის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირებას სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აქტივების გაყიდვა სრულად განიხილება. ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივი", - განაცხადა ბოცვაძემ.