აგროდაზღვევის პროგრამით 2014-2015 წლებში 27 000 პოლისია გაცემული

2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში, 27 000 პოლისია გაცემული, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამწლიან ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც დღეს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, დაზღვეულა 180 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. "დაზღვეულია 23 132 ჰა მიწის ფართობი. სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხა შეადგენს 13 545 034 ლარს", - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით, 2014 წლის სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა დაიწყო. რაც შეეხება გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, რომელიც ასევე 2014 წლიდან დაიწყო, მის ფარგლებში დამტკიცებულია 28 პროექტი. "დამტკიცებული პროექტების ჯამური თანხა შეადგენს 18 335 406 აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს – 7 199 004 აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 11 ახალი საწარმო. თანადაფინანსების სახით გაცემულია 3 300 352 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში", - აღნიშნავენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროექტი. "2013 წლიდან, ყოველწლიურად დახმარებას 800 000-მდე გლეხი იღებს და 220 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. რაც შეეხება 2015 წლის 6 მარტიდან დაწყებულ პროექტს, "დანერგე მომავალი", ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში (ბაღების გაშენების კომპონენტში) დამტკიცებულია 52 პროექტი. გაშენებულია 89.63 ჰა ინტენსიური ტიპის ბაღი. "მიმდინარეობს 322 ჰა ბაღის გაშენება. თანადაფინანსების სახით გაცემულია 575 890 ლარი. დამტკიცებული პროექტების ფარგლებში გასაცემია 1 101 301 ლარი", - განმარტავენ უწყებაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, 2013-2015 წლებში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 87 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 62 000 000 მლნ ლარი შეადგინა. "შედეგად, დღეისთვის წყალუზრუნველყოფილია 97 000 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო დაშრობილია 28 375 ჰექტარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 420 კმ სადრენაჟე არხს, 721 კმ საირიგაციო არხს და 11 ერთეულ სატუმბ სადგურს. "საქართველოს მელიორაციაში" 2015 წელს შეიქმნა მობილური მელიორაციის სამსახური. მობილური სატუმბების მეშვეობით მოირწყა 200 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი", - ნათქვამია უწყების ანგარიშში.