შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე 642 488 095 ლარი და 163 176 553 დოლარი გაიცა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე სულ 642 488 095 ლარი და 163 176 553 აშშ დოლარი გაიცა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 3-წლიან ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის მიზნით, დღეის მდგომარეობით, სულ 25 200 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. "დღეის მდგომარეობით სულ გაცემულია 25 200 კრედიტი. პროექტის ფარგლებში ლარში გაცემულია 24 000 სესხი, გაცემული თანხა კი შეადგენს 642 488 095 ლარს. აშშ დოლარში გაცემულია 1 200 სესხი, გაცემული თანხის ჯამური ოდენობა კი 163 176 553 აშშ დოლარია", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, სულ დაფინანსებულია 139 ახალი საწარმოს შექმნა და 665 საწარმოს გაფართოება. "ახალ საწარმოებში შეიქმნა (სეზონურობის ჩათვლით) 3 500 სამუშაო ადგილი", - განმარტავენ უწყებაში. რაც შეეხება პროექტს "აწარმოე საქართველოში", მის ფარგლებში გაცემულია 18 029 298 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი. დაფინანსებული დარგებია: რძის გადამუშავება, ჩაის წარმოება, ცხოველის საკვების წარმოება, ხილის გადამუშავება, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა.