ნილ სკოტი: საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმის განსახორციელებლად დაახლოებით 156 მლნ დოლარი იქნება საჭირო

საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმის განსახორციელებლად დაახლოებით 156 მილიონი დოლარი იქნება საჭირო, - ამის შესახებ გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილ სკოტმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 44 მილიონი უკვე მობილიზებულია. დანარჩენი 112 მილიონი დოლარი კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული გაეროს სააგენტოების მიერ.

როგორც გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმაზე მდგრადი განვითარებისთვის ხელმოწერისას განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის არის გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს გაერო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისას. "გაეროს გეგმა 5 ძირითად მიზანზე იქნება. სამუშაო ადგილები, ჯანმრთელობა, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და ადამიანთა უსაფრთხოება. ამ კონტექსტში გაერო თავისი 14 რეზიდენტი და 4 არარეზიდენტი ფონდისა და პროგრამის მეშვეობით კვლავაც გააგრძელებს თავის თანადგომას საქართველოს მთავრობის მიმართ იმისათვის, რომ ამაღლდეს კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები და გაძლიერდეს სოციალური სამართალი", - განაცხადა ნილ სკოტმა.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დოკუმენტის ხელმოწერისთვის საქართველოს მთავრობას და გაწეული შრომისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერის ადმინისტრაციას. "საქართველო გახდა გაეროს ნაწილი და გახდა სწორედ იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც გაეროს ქარტიით არის გათვალისწინებული", - აღნიშნა ნილ სკოტმა.