წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს

წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამა ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჯავახეთის ქუჩაზე, წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს.  "ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამგორის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინტენსიურად აგრძელებს წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამას. მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ უკვე ახლით შეცვალა თბილისის სხვადასხვა რაიონში გამავალი 7 დიდი მაგისტრალის ამორტიზებული მონაკვეთები", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ტექნიკურ სამუშაოებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. "უკვე დასრულებულია დიღმის ველზე გამავალი წყალსადენის 1400 მმ-იანი, 1200-იანი და 900 მმ-იანი მაგისტრალების კრიტიკული მონაკვეთების ახლით შეცვლა. ასევე, განახლებულია 900 მმ-იანი წყალდენების ამორტიზებული მონაკვეთები დიდ დიღომსა და ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე. უკვე რეაბილიტირებულია ვარკეთილი 3-ში მდებარე 600 მმ-იანი ქსელი. წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის შედეგად, თბილისის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად სტაბილური გახდება", - ნათქვამია განცხადებაში.