ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მზად არის შესაბამისი ხარჯები გაიღოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისთვის

სახელმწიფო მზად არის გაიღოს შესაბამისი ხარჯები ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო" იმართება. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

"სახელმწიფო მზად არის შესაბამისი ხარჯები გაიღოს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებისთვის. ისინი ძალიან ამბიციური პროექტებია და ბუნებრივია, დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ მთავრობას აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტი და ეს არის ჯანდაცვა და სოციალური საკითხების მოგვარება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი იყო, გაისად კი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარი იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფილს მიზნით, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების დაწყება იგეგმება.