ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და უნივერსიტეტებმა სხვადასხვა ტექნოლოგიური გამოგონებები წარმოადგინეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ექსპოზიციაში მონაწილეობას იღებდენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი, იუჯი ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის სკოლა და სხვა ორგანიზაციები.

გამოფენა მიზნად ისახავდა განათლების სფეროში არსებული მრავალფეროვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოდგენას და ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას.  გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განმარტებით, ტექნოლოგიური ინოვაციების სასწავლო პროცესში დანერგვა ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენციაში 250-ზე მეტი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ექსპერტი და პედაგოგი მონაწილეობს. კონფერენციის მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.  კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები "ინტელი", "მაიკროსოფტი", "ესაბი" და "ლიბერთი ბანკი" არიან.