"ვისოლი" ქუთაისში ავტოგასამართი სადგურების ქსელს აფართოებს

ქუთაისში, ნიკეას 16-ში ,,ვისოლის" წარმომადგენლებმა ახალი ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გახსნეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ,  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დღეიდან ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანით ისარგებლოს. კომპანია მომხმარებელს ავტოგაზსაც სთავაზობს.

ახალი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისთვის ,,ვისოლმა" სამ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. დასაქმდა 25-მდე ადამიანი, რომელთაც შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდა.  ,,ვისოლმა" პროდუქტის, მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები, ტრადიციულად, ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა. მაღალტექნოლოგიური საწვავის მიწოდების ავტომატიზაციის სისტემა, რომლითაც ,,ვისოლის" ყველა ავტოგასამართი სადგურია აღჭურვილი, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისთვის საწვავის მიწოდებას.

,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, აღნიშნული ავტოგასამართი სადგური ქუთაისში რიგით მეშვიდეა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე ,,სმარტის" სუპერმარკეტიც განთავსდება. ,,დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხსნა რიგით მეშვიდე სადგური ქუთაისში. ავტოგასამართი სადგური ასევე ითვალისწინებს გაზით მომსახურებას. შესაბამისად, დღეიდან ,,ვისოლის" აღნიშნული სადგური მომხმარებელს მოემსახურება როგორც მაღალი ხარისხის საწვავით, ასევე გაზის პროდუქციით. ჩვენ გვაქვს მულტიფუნქციური შენობა, სადაც მომავალში განთავსდება ,,სმარტის" სუპერმარკეტი. საბოლოოდ კი, აღნიშნულ ობიექტზე დაახლოებით ასამდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.