დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში მსხვილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდ ბრიტანეთში მოქმედ მსხვილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიტანელ ინვესტორებს ვრცლად გააცნო ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისკენ. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა დიდი ინტერესით მოისმინეს საინვესტიციო მიმოხილვა ქვეყნის ცალკეულ სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვრცელი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.