Volvo-ს პირველი ”ავტონომიური” კონცეპტი

ლოს ანჯელესის ავტოშოუ, რომელიც ტრადიციულად გამორჩეული იყო კონცეპტუალური მოდელების სიუხვით, წელს განსხვავებულად ჩატარდა - სერიული ავტოსიახლეები უფრო ჭარბობდა. თუმცა ერთი მათგანი მაინც გამოირჩეოდა განსაკუთრებულობით - ეს იყო შვედური Volvo.

ცნობილმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა ლოს ანჯელესში კონცეპტუალური სიახლე ჩაიტანა, რომელიც ასახავს კომპანიის ხედვას, თუ როგორი იქნება სამომავლოდ მათი ”უპილოტო” ავტომობილების ინტერიერი.

Concept 26 - ასე ჰქვია წარმოდგენილ სიახლეს, სადაც ეს ციფრი სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად საჭირო საშუალო დროს ასახავს და სწორედ ამ დროის გონივრულად გამოყენების დემონსტრირებას ახდენს „ვოლვოს“ ახალი ავტომობილი.

სიახლეში ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს ექსკლუზიურად შექმნილი სავარძლები, რომლებიც ”სამნაირად” ტრანსფორმირდებიან: Relax ფუნქციის დროს ავტომობილის საჭე იკეცება და სავარძელი პრაქტიკულად იშლება ”წამოსაწოლად”, Create ფუნქციის დროს საჭე ასევე არ ჩანს, თუმცა მის მაგივრად გამოდის სამუშაო მაგიდა, ხოლო სავარძელი ჩვეულებრივ ფრომას იღებს, Drive ფუნქცია კი ჩვეულებრივი მდგომარეობაა, როდესაც მძღოლი მართავს ავტომობილს.

როგორც ცნობილია, Volvo პირველი არ არის, რომელმაც ”ავტონომიური” კონცეპტი წარმოადგინა, ბევრად უფრო ადრე დამოუკიდებლად მოძრავი ავტომობილის შოუ-ქარი Mercedes-მა უჩვენა პუბლიკას, ეს იყო კონცეპტი F 015.

კოკა კვირკველია