რა ეშველება ძველ თბილისს?

დრო გადის, თბილისი იზრდება, თუმცა სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ თბილისმა თავისი ხიბლი დაკარგა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ძეგლები აღდგენა-რეკონსტრუქციას საჭიროებენ, ძველი თბილისი კი თანამედროვე შენობებით იტვირთება. არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ძველ თბილისთან დაკავშირებით ახალი კონცეფცია შემუშავებულია, რომლის პრეზენტაცია ორ კვირაში იქნება.

ლადო ვარდოსანიძე: ბოლო წლებში თბილისის ურბანული განვითარება კრიზისულ მდგომარეობამდე მივიდა. მას დიდი ექსპერტიზა და პროფესიონალიზმი არ სჭირდება. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსითა და ახალი ბინათმშენებლობით, რომელიც საერთოდ ვერანაირ თანამედროვე ურბანულ განვითარებას ვერ პასუხობს. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს არა არქიტექტურასთან, არამდე უძრავ ქონებასთან. ამან თბილისი მთლიანად გაანადგურა. ის თეზისი, რომ ბაზარი ყველაფერს მოაწესრიგებს, მცდარი კი არა, მავნებლური და დანაშაულებრივია. ქალაქის იერსახე მთლიანად დაკარგულია. თუმცა, ყველაფერს შავ ფერებში ნუ დავხატავთ, გარკვეული წინსვლაც გვაქვს.

ქალაქის მდგომარეობის გასაზომად მსოფლიოში ურბანული ინდიკატორები, ანუ გარკვეული მაჩვენებლებია მიღებული, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმას გვიჩვენებს. როგორც იქნა, ეს საკითხი დაიძრა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსი დამთავრდა და ვფიქრობ, ღირსეულმა გაიმარჯვა. არ დაგიმალავთ, რომ გარკვეულ იმედებს ვამყარებ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ძველ თბილისში თანამედროვე ტიპის მშენებლობები და აქვს თუ არა იერსახე დაკარგული ძველ თბილისს?

- ძველი თბილისის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა. ეს სამუშაო ცნობილმა კომპანია "გეოგრაფიკმა" ჩაატარა, რომელიც, ჩემი აზრით, ქალაქ განვითარების საკითხებში ლიდერია. დაახლოებით ორ კვირაში ძველი თბილისის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გვექნება, სადაც თბილისელებს გავაცნობთ მომავალში ძველ თბილისს რა ელის. ძველმა თბილისმა თავისი ეშხი უნდა დაიბრუნოს. ხშირად ისმევა კითხვა - რა ეშველება ძველ თბილისს? პირველ რიგში შემოვლითი რკინიგზის დასრულება უნდა მოხდეს. რკინიგზა 70 პროცენტით დასრულებულია, უამრავი ხიდი და გვირაბია გაკეთებული. აღნიშნული პროექტი საშუალებას გვაძლევს, რომ დიდუბის რაიონში დაახლოებით 70-დან 100 ჰექტარამდე ტერიტორია გათავისუფლდეს. ეს ქალაქისთვის წარმოუდგენელი სიკეთე იქნება, სადაც აუცილებლად უნდა განთავსდეს და განვითარდეს ახალი ბიზნეს ცენტრი.

ძველი თბილისი თანამედროვე შენობებით რკინიგზისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს. ძველმა თბილისმა იმ კონცეფციით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც ორ კვირაში "გეოგრაფიკის" მიერ იქნება წარდგენილი. თბილისი 15 წელია იუნესკოს კარზეა ატუზული, განცხადებები შესულია მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად და მე მგონი ძველი თბილისი ახალი მშენებლობების გამო ამას ვერ ეღირსება. მივესალმები "აქსის თაუერის" აშენებას, მაგრამ იმ ადგილას არა, სადაც შენდება. ვაკე ახალ ობიექტებს ვეღარ იტანს. ამას სიამოვნებთი ვიხილავდი ახალ ცენტრალურ საქმიან უბანში. რაც მთავარია, ეს გამოთავისუფლებული ტერიტორია არ უნდა დაიჭრას და ისე არ უნდა გაიყიდოს. ეს მცდელობები წინა ხელისუფლებაში იყო და ახლაც არის. საერთოდ თბილისი ისტორიული ზღურბლის წინაშე დგას, ეს ზღურბლი გადასალახია. უკან თუ მივიხედავთ, ვნახავთ, რომ თბილისმა რამდენიმე ისტორიული ეტაპი განვლო - ფეოდალური, კაპიტალისტური, სოციალისტური... დღევანდელ ეტაპს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლური შეიძლება ვუწოდოთ, როდესაც ქალაქის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება ვითარდება. ჩემი, როგორც ურბანისტის სურვილია, რაც შეიძლება მალე გადავიდეთ მეხუთე ეტაპზე, რომელსაც ჩვენ შეიძლება მდგრადი განვითარების ეტაპი ვუწოდოთ.

- თქვენ ახსენეთ ახალი კონცეფცია, რომელიც "გეოგრაფიკმა" შეიმუშავა. ეს კონცეფცია რას გულისხმობს?

- პირველ რიგში ძველი თბილისის ძეგლებისა და ობიექტების ინვესტიზაცია ჩატარდა. წინადადება გვაქვს, რომ თბილისში დაცვითი ზონები გაფართოვდეს. თუმცა, რაც მთავარია, ძეგლების პრიორიტეტების იერარქია ჩამოყალიბდება. ახალი წლიდან ქალაქს შესაძლებლობა ექნება ამ პრიორიტეტულ სიას გადახედოს და ნახოს, რომელ ძეგლს უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია და რომელს - არა. რა თქმა უნდა, ამ სიას შესაძლებელია დაემატოს ახალი ობიექტები და პრიორიტეტები შეიცვალოს. რამდენიმე წინადადება გვაქვს ობიექტებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეც და ასევე ზოგიერთი მათგანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა გვინდა. საერთოდ, თბილისში არის ძეგლი და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი სულ 4-ია. ეს კიდევ დიდი სკანდალია, მაშინ, როდესაც ბათუმში რამდენიმე ასეულია. ამიტომ ესეც მისახედია. თბილისში სულ 2000-ზე მეტი ძეგლი გვაქვს, თუმცა ზოგიერთს ეს სტატუსი მოეხსნება და ზოგიერთ ახალს მიენიჭება.

- გუდიაშვლის ქუჩის არეალის რეკონსტრუქცია იგეგმება. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაკეთდეს, რომ თავისი ისტორიული მნიშვნელობა არ დაკარგოს?

- გუდიაშვილის პროექტი არასამთარვობო სექტორის ე.წ. ურბანული აქტივისტების ძალიან დიდი გამარჯვებაა, მათ შორისა "ამქარი". იქ ყველაფერი ნათელია, სად არის ძეგლი, რა არის სტრუქტურა, ქუჩათა ქსელი, არქიტექტორის სამეტყველო ენა. აქ ჩვენ მეთოდოლოგიური პრობლემები არ გვექნაბა. მით უფრო ჩვენ ურბანული რეაბილიტაციის წარმატებული მაგალითი გვაქვს, ესაა ბეთლემის უბნის რეაბილიტაცია, რომელიც "იკომოს საქართველომ" ჩაატარა ნორვეგიელი კოლეგების კონსულტაციით. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა რეაბილიტაცია ისე ჩატარდეს, რომ ჩართული იყოს მოსახლეობა და ფუნქციები რადიკალურად არ შეიცვალოს. მთავარი და გადამწყვეტი ყველაფერში პოლიტიკური ნებაა.

- რას ფიქრობთ გმირთა მოედანზე გაკეთებულ ესტაკადებზე?

- გმირთა მოედანი - სკანდალია. ჯერ ერთი, სწორი გათვლები არ იყო გაკეთებული. თანამედროვე ქალაქი პირველ რიგში ადამიანისთვისაა და არა ავტომობილისთვის. წინა ხელისუფლებამ ყველაფერი მოახერხა, რომ ამ მოედნიდან ადამიანის ფაქტორი საერთოდ ამოეკვეთა. სცადეთ და საღამოს ათი საათისთვის გმირთა მოედანს ფეხით მიწისქვეშა გადასასვლელებით შემოუარეთ. როგორი შემოსავლელი იქნება, მიხვდებით. ესეც გასათვალისწინებელია, რომ ამ მოედნის დეჰუმანიზაცია მოხდა, მაგრამ ამავე დროს ამის გამკეთებელს დამპროექტებელსაც ვერ დავუძახებ. დაპროექტება სატრანსპორტო მოძრაობის გათვალების გარეშე დღეს წარმოუდგენელია, ანუ ეს ქალაქის გლეხურად განვითარებას ნიშნავს.

- როგორ მიმდინარეობს გარეუბნისა და ქალაქის ინტეგრაციის პროცესი? ქალაქი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს?

- საერთოდ ურბანიზაციამ ასეთი რამ იცის - ყველაფრის კონცენტრაცია ხდება ურბანულ ცენტრებში, ხოლო როდესაც ეს ყველაფერი მომწიფდება და ეს კონცენტრაცია თავის პიკს მიაღწევს, შემდეგ ამის გადატანა და გაცვლა პერიფერიულ ზონებში მიმდინარეობს. ურბანიზაციის მეორე ფაზის დასაწყისში ვართ და იდეოლოგიურად საუკეთესო მაგალითებია წავკისის ველი. მალე თბლისელი კაცი გონს მოვა და მიხვდება, რომ თბილისის ცენტრში ცხოვრებას პერიფერიაზე გასვლა ჯობს, სადაც სულიერად და ესთეტიკურად გაცილებით მოისვენებს.

თბილისს გარს ძალიან ბევრი სააგარაკო დასახლება აკრავს. ეს პრაქტიკულად სეზონური საცხოვრისია და ვფიქრობ, თბილისის საცხოვრისს გაფართოების მხრივ ძალიან დიდი რესურსი აქვს. ამიტომ ეს სააგარაკო დასახლებების ურბანულ სტანდარტამდე უნდა მივიდეს. მათი პრობლემები ვიცი. ავიღოთ ერთ-ერთი - შინდისის აგარაკები. წინა ხელისუფლების ხელში ძალიან დიდი პროგრესი მოხდა და ერთადერთი კომპონენტი, რაც მას აკლია, ეს არის სასმელი წყალი. ღამის განათება მუშაობს, ქალაქის ავტობუსი დადის. რაც მთავარია, კანალიზაცია გაყვანილია. აკლია ერთადერთი რამ - წყალი.

ლიკა ამირაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"