ბუდაპეშტში ქართული რესტორანი “Vai me“ გაიხსნა

ქართული კაფე-რესტორანი "ვაი მე" ბუდაპეშტში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

ქართულმა რესტორანმა ბინა  ტურისტულ რაიონში, ოქტომბრის ქუჩაზე დაიდო. „ვაი მე!“-ში ხაჭაპურის და სხვა ქართული კერძების გასინჯვა ერთდროულად 120 ადამიანს შეუძლია.

რესტორანში თითქმის მთელი დღის განმავლობაში იმყოფება მეპატრონე ხათუნა ყოლბაია, რომელმაც ბიზნესი მეუღლე თენგიზ ანდრიბავასთან ერთად წამოიწყო. „ვაი მე!“-ს გარდა, წყვილს მოსკოვში „საფერავის“ ქსელიც აქვს.

„ვაი მე!“ კლიენტებს არა მხოლოდ ტრადიციულ ქართულ კერძებს, არამედ ინოვაციურ იდეებსაც სთავაზობს. მაგალითად, ასეთია ხაჭაპურისა და ბურგერის ჰიბრიდი სახელწოდებით „ხაჭაპურგერი“.

რესტორანში ყოველდღე დიდი სტუმრიანობაა. "ვაიმე" ერთნაირად იზიდავს სტუდენტებს, ტურისტებსა და ცნობილ ადამიანებს.

ყველაზე დიდი პოპულარობით აჭარული ხაჭაპური და „ოჯახური“ სარგებლობს.

„ქართულ სამზარეულოს ევროპაში შეუძლია ტრენდად იქცეს“, - მიიჩნევს ხათუნა ყოლბაია.

„ვაი მე!“ ბუდაპეშტში 31 სექტემბერს გაიხსნა, ბიზნესში წყვილმა 400 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო.