დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს კი-ტაკ ლიმს შეხვდა, რომელიც თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას 2016 წლიდან შეუდგება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო საზღვაო სექტორის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ძირეულ რეფორმებს ატარებს. მათ შორის, საქართველომ გააუმჯობესა მეზღვაურთა სწავლების, წვრთნის და სერტიფიცირების სისტემა სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მკაცრი მონიტორინგის გზით. ასევე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს სახელმწიფო დროშის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით - დაინერგა საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეგისტრაციის ახალი პროცედურა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი კი-ტაკ ლიმი საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც 2016 წლის სექტემბერში ბათუმში გაიმართება.