იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1832 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6289 მლნ აშშ დოლარს (10 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4457 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2568 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 537 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2031 მლნ აშშ დოლარი (4 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 % შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29% და იმპორტში 32 % (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 31 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 2261 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 703 მლნ აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1559 მლნ აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 პროცენტი). საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1246 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (664 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (596 მლნ აშშ დოლარი).

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 207 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 167 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 558 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი ასევე 558 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 381 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).