დავით ნარმანია: ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პრინციპია მისი გამჭვირვალობა

ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პრინციპია მისი გამჭვირვალობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაში სჭირდება დედაქალაქს სველი წერტილისთვის ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა. "ჩვენ, როგორც კი ქალაქის მმართველობაში მოვედით, მაშინვე გავაკეთეთ მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ბიუჯეტი პროგრამული იქნებოდა. რაც გულისხმობს, რომ თითოეული პროექტი და პროგრამა დეტალურად არის გაშლილი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს ამა თუ იმ მიმართულებით რაში იხარჯება თანხა, რა იქნება ის მთავარი მიზანი, რასაც თანხის ხარჯვის შედეგად ქალაქი მიაღწევს და რა სარგებელს მიიღებს საზოგადოება. ნებისმიერი მუხლი, რომელზეც გექნებათ კითხვა, ამაზე ადეკვატური პასუხია დეტალურად გაწერილი პროგრამა, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ამა თუ იმ პროექტზე თუ პროგრამაზე გვჭირდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სხვა დანარჩენ საკითხებზე დასმულ კითხვებს საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას გასცემს პასუხს.