კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზა, ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პროექტ "პანორამა თბილისს" უკავშირდება სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრას უკავშირდება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისთვის, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებისაგან განტვირთავს დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა ლეონიძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის, ასათიანის, ამაღლების, იაშვილის ქუჩები და მათი მიმდებარე ტერიტორია.  "სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ქალაქსა და მის შემოგარენში მოსახლეობის რიცხვი პერმანენტულად მატულობს, ბუნებრივია დგება ალტერნატიული გზების გაჩენის საკითხი, რათა ცენტრალურ ქუჩებზე განიტვირთოს მოძრაობა და თავიდან იქნას აცილებული საავტომობილო კოლაფსი. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქი აღნიშნული საფრთხის წინაშე 13 ივნისის სტიქიის შემდეგაც დადგა და შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ გადაადგილების ალტერნატიული გზის არარსებობა იყო. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ შინდისი და მიმდებარე დასახლებები საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დადგა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელების საჭიროება, რაც თავისთავად გულისხმობს არსებული გზის გაფართოებასა და ბუნებრივია, დგება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის საკითხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია კატეგორულად ემიჯნება დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის ნებისმიერი სახით დაზიანებას. ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, პროექტით 400-მდე ძირი ხის მოჭრაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ ხეების ნაწილი გადაირგვება მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მოჭრილი ხეების სანაცვლოდ 2015 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, დეკემბრის შუა რიცხვებში დაირგვება ათასი ძირი, ორ მეტრამდე სიმაღლის, ექვსწლიანი ფიჭვი და სამ მეტრამდე სიმაღლის, 4 000 ძირი იფანის ნერგი, სამწლიანი მოვლა-პატრონობის გარანტიით. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2016 წლის გაზაფხულზე როგორც მინიმუმ 15 000 ახალი ხის დარგვა იგეგმება. ნარმანიას თქმით, ტერიტორიის გამწვანების ფარგლებში როგორც ფიჭვის, ასევე სხვა ადგილობრივი სახეობის ნერგები დაირგვება. რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, მერის თქმით, ამ ეტაპზე წარმოებს ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანის სამუშაოები, 2016 წლიდან კი 5-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, მისი კაპიტალური შეკეთება, ამასთან, შვიდი მეტრი სიგანის ახალი გზის მშენებლობა.  "აღსანიშნავია, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა დაიწყება ნადიკვრის მეორე შესახვევიდან და პირდაპირ შეუერთდება სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.