სემეკმა "ენერგო პრო ჯორჯიას" ტარიფის გადახედვა დაიწყო

მეთოდოლოგიის საფუძველზე, სემეკმა სს "ენერგო პრო ჯორჯიას" ტარიფის გადახედვა დაიწყო. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღეს საჯარო სხდომაზე სემეკმა დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს "ენერგო პრო ჯორჯიასათვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2016 წლის ტარიფის დადგენის თაობაზე.  აღნიშნულ საკითხზე კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 31 დეკემბერი, ხოლო კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 22 დეკემბერი განისაზღვრა. ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე. სს "ენერგო პრო ჯორჯიას" ტარიფთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კომისიაში მოსაზრებების ან წინადადების წარდგენა შეუძლია.

სემეკ-ის ინფორმაციით, სს "ენერგო პრო ჯორჯიას" კომისიამ მოქმედი ტარიფები დაუდგინა 2014 წლის 1 სექტემბერს და მისი მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. "ტარიფის დადგენისას კომისია ხელმძღვანელობს მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების კორექტირების მექანიზმების გამოყენებას ყოველწლიურად. ტარიფის დათვლა, დადგენა ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებას. ეს არის ტექნიკური ხასიათის მექანიზმი, რომელსაც კომისია იყენებს იმისათვის, რომ სამართლიანად არეგულიროს გამანაწილებელი კომპანიის შემოსავლები და ხარჯები. ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია სრულად პასუხობს და იზიარებს საერთაშორისო მოთხოვნებსა და ევროპის საუკეთესო გამოცდილებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სემეკ-ის ინფორმაციით, ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, შესაბამისი დეპარტამენტი დეტალურად სწავლობს როგორც სატარიფო განაცხადს, ასევე თანდართულ დოკუმენტაციას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ტარიფის დასადგენად განსაზღვრულია 150 დღიანი პერიოდი. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადაზე ადრე მოხდება დოკუმენტაციის სრულად შესწავლა და ანალიზი, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება დაანონსებულ ვადაზე ადრე მიიღოს.  "ტარიფების დადგენა გამჭვირვალე პროცესია და კომისია ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას როგორც ტარიფის გაანგარიშების, ასევე საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ამჯერადაც, სს "ენერგო პრო ჯორჯიასათვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის თაობაზე კომისია გამართავს საჯარო განხილვებს ტარიფში შემავალ თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება და მოსაზრების დაფიქსირება", - ნათქვამია განცხადებაში.