"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს მუნიციპალური პროგრამის - "სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება", პრეზენტაცია გამართა.  პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ. ასევე შეხვედრაში პროექტის პოტენციური ბენეფიციარები და სხვადასხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა პრეზენტაციის მონაწილეებს პროგრამის დეტალები გააცნო. მანამდე კი შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საკრებულომ ახლახან ცენტრის სამი პროგრამა დაამტკიცა. დღევანდელი პროგრამის მიზანი კი სპორტული ინდუსტრიის განვითარებაა, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ასევე მეწარმეობის განვითარებას.  თავის მხრივ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2016-18 წლებში თბილისში არაერთი საერთაშორისო ასპარეზობა გაიმართება. აღიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტული აქტივობების განვითარებას. მან მერიას ინიციატივა მოუწონა და მოუწოდა ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებს, მიბაძონ თბილისის მერიას.

თავის მხრივ პრეზენტაციაზე ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი 700 000 ლარს შეადგენს. ამ თანხის ფარგლებში დაგეგმილი არის 100 სამუშაო ადგილის შექმნა, 200 კვალიფიციური სპეციალისტის გადამზადება. მარგიშვილმა დასძინა, რომ ახლადშექმნილი სავარჯიშო გამაჯანსაღებელი ცენტრები დაახლოებით 4 500 ადამიანს მოემსახურება, ბიუჯეტში კი 5 წლის განმავლობაში 6 მილიონი ლარი შევა, რაც თითოეულ წელიწადში 1 200 000 ლარი იქნება.  მარგიშვილმა პრეზენტაციაზე ასევე განაცხადა, რომ ერთი ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 400 000 ლარია. განაცხადების მიღება 16 ნოემბრიდან უკვე დაიწყო და მის შეტანაზე ლიმიტი დაწესებული არ არის. ცენტრიდან დაფინანსების მიღების მსურველებს შეუძლიათ "ჯობს.გე"-ზე ატვირთული განაცხადის ფორმა შეავსონ და მერიას მიმართონ. განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

როგორც  "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში" განაცხადეს, ცენტრი თანხებს სამი მიმართულებით გასცემს. კერძოდ, თვეში ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის 50%-ს დააფინანსებენ, 1 კვ.მეტრზე არა უმეტეს 15 ლარს. ასევე ცენტრის მიერ მოხდება გამაჯანსაღებელი ცენტრის შესაქმნელად ბანკის მიერ გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსება, კერძოდ 24 თვის განმავლობაში 7%-ის. ასევე, "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" თანხებს გასცემს ძირითადი საშუალებების შეძენის თანადაფინანსებისთვის, რომლის მაქსიმალური ოდენობა 1 გამაჯანსაღებელ ცენტრზე 70 000 ლარს შეადგენს.  "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში" ვარაუდობენ, რომ 2020 წლამდე თბილისში 10 გამაჯანსაღებელი ცენტრი შეიქმნება.