რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი თურქეთიდან ტურისტების ევაკუაციას და უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ლევიჩევი თურქეთიდან რუსი ტურისტების ევაკუაციას მოითხოვს. მისი განცხადებით, აუცილებელია თურქეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა და უნდა გაუქმდეს თურქეთთან უვიზო რეჟიმი. ასევე, უნდა გაიყინოს ერთობლივი ეკონომიკური პროექტები თუკი, მისი თქმით, თურქეთი ოფიციალურად არ მოიხდის ბოდიშს "სუ-24"-ის ინციდენტთან დაკავშირებით.

"პირველად "ცივი ომის" დასრულების შემდეგ, ნატოს წევრმა სახელმწიფომ გამიზნულად ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა აგრესიულ აქტს. თავის მართლება ათჯერ გაფრთხილების შესახებ - ზღაპარია. ამ თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატური, მაგრამ მკაცრი ზომებით", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისივე თქმით, ეს ინციდენტი თურქეთის ხელისუფლების მიერ არის პროვოცირებული.