ნიდერლანდების მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტს აფინანსებს

ნიდერლანდების მთავრობა ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალ პროექტს აფინანსებს.  სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე, ილიაუნის ფაბლაბში სააგენტოსა და ნიდერლანდების მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება. "შეხვედრის ფარგლებში განხილული პროექტი საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიების ხელმძღვანელების გადამზადებას ითვალისწინებს. ტრენინგების სამთვიანი კურსი იანვარში დაიწყება, რომელსაც მთლიანად ნიდერლანდების მთავრობა უზრუნველყოფს", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ნიდერლანდების მთავრობასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ურთიერთობის ამ ეტაპზე იგეგმება ინოვაციების ლაბორატორიების სფეროს კვლევა, რომელიც ჰოლანდიელი ექსპერტების ხელშეწყობით განხორციელდება.  "მათი ინიციატივით მოხდება ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, რათა ქართულმა მხარემ მომავლის პერსპექტივაში უკეთ შეძლოს ქვეყანაში ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირება. პროექტის ფარგლებში ინოვაციების ლაბორატორიის წარმომადგენლები 3 თვის განმავლობაში გადამზადდებიან, გაეცნობიან და გაიზიარებენ თანამედროვე გამოცდილებას და ახალ მეთოდებს საქართველოს ინოვაციებში დანერგავენ. ნიდერლანდების მთავრობა სრულად აფინანსებს ტრენინგს, რომელსაც ჰოლანდიელი ექსპერტები ჩაატარებენ", - განმარტავენ სააგენტოში.

შეხვედრას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. ასევე შეხვედრის ფარგლებში იგეგმება საქართველოში უკვე არსებული პროექტის "თოთ"-ის (ტრენინგ ოფ ტრენერს) შეჯამება, რომლითაც საქართველოში დღეს უკვე 500 ტრენერი გადამზადდა.  "ქვეყანაში ინოვაციების სფეროში არსებული კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისათვის. შეხვედრაზე ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სააგენტოს განვითარებისათვის მხარდაჭერის მზადყოფნაზე გაამახვილებს ყურადღებას. Orion international Nitherland-ის წარმომადგენელი მისტერ კლასს ჰერნამდტი შეხვედრაზე დეტალურად განიხილავს პროექტს და აღნიშნავს ნიდერლანდების მხარის ჩართულობას და მნიშვნელობას მასში. იანვრიდან ტრენინგების საშუალებით ინოვაციების ლაბორატორიების წამომადგენლებს საშუალება მიეცამათ ჰოლანდიელი პროფესიონალებისაგან მიიღონ თანამედროვე გამოცდილება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დასახული მიზნების მიღწევას ინოვაციური ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. სააგენტოს პროექტები და პროგრამები დაფუძნებულია ბიზნესის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე", - აღნიშნავენ სააგენტოში და ხაზს უსვამენ, რომ ნიდერლანდების მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ურთიერთობას მომავალშიც გეგმავს.