მცირე მეწარმეები მყიდველთა შემცირებას უჩივიან

ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე დიდი დარტყმა მცირე ბიზნესს მიაყენა.

ბანკის სესხი, ყოველთვიური იჯარის გადასახადი, მყიდველთა რაოდენობის კლება - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რაც აღნიშნულ სეგმენტს ბოლო დროს განსაკუთრებით დაეტყო.

ნიკოლოზ ლუტიძე ხელნაკეთი ნივთების მაღაზია-სახელოსნოს მფლობელია. ,,17 კვადრატი“ თითქმის ორი წელია, რაც ფუნქციონირებს. მაღაზიაში საკუთარ ნამუშევარს 35-40 ადამიანი აბარებს, მათი ძირითადი ნაწილი დამწყები დიზაინერია. მაღაზიას ამ ეტაპზე მუშაობა არ შეუწყვეტია, თუმცა როგორც მფლობელი ამბობს, გაკოტრების პირასაა მისული და გამოსავალს, რითაც საკუთარი მცირე ბიზნესის გადარჩენას შეძლებს, ვეღარ პოულობს.

,,ვალი ვალს ემატება, თავისთავად ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ყველაზე მეტად მცირე ბიზნესს აზიანებს. პირველი არ ვარ, ვინც ასეთ დღეშია და სამწუხაროდ, ალბათ არც უკანასკნელი ვიქნები. მართალია, დაკეტვა გამოსავალი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ვხედავ. გაყიდვები არის, მაგრამ კრიზისი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზოგჯერ დიდი კომპანიებიც კი მიგვიანებენ თანხის ჩარიცხვას. მათთვის შესაძლოა 500-600 ლარი დიდი თანხა არ არის, მაგრამ ჩემი მცირე ბიზნესისთვის სერიოზული დანაკლისია“, -აღნიშნავს ნიკოლოზ ლუტიძე.

მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ვალის დაფარვასაც ვერ აუდის, მომხმარებელი უპირატესობას შედარებით იაფფასიან პროდუქციას ანიჭებს, რადგან მათი დიდი ნაწილის საფულეში ყოველთვიურად ნაკლები თანხა რჩება "ზედმეტი" ხარჯებისთვის.

,,ჩინური და ზოგადად აზიური პროდუქცია, რომელიც ადგილზე 10-15 თეთრი ღირს, აქ ათ ლარად იყიდება, მაგრამ მომხმარებელი ყავს. ხელნაკეთ ნივთს თავად დიზაინერი ადებს საკუთარ ფასს და მე 30-დან 50%-იან მოგებაზე გათვლილ ფასად ვყიდი. უფრო ნაკლებად შეუძლებელია მაღაზიის მუშაობა“, - ამბობს ნიკოლოზ ლუტიძე. მისივე თქმით, ადგილმდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მყიდველი მიჩვეულია ხელნაკეთი ნივთების ლესელიძის ქუჩაზე არსებულ მაღაზიებში შეძენას. იქ კი, როგორც მაღაზიის მფლობელი ამბობს, კომერციული ფართის დასაქირავებლად საჭირო თანხა წარმოუდგენლად მაღალია.

რამდენიმე დღის წინ მაღაზიის გადასარჩენად ერთგულმა მომხმარებლებმა აქციაც კი დაგეგმეს სოციალური ქსელის მეშვეობით. აქციის ორგანიზატორის, ლაშა მესხის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების უბრალო მაღაზია, ეს ერთგვარი ნავსაყუდელია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ადგილობრივი წარმოების წახალისება, ვფიქრობ კარგი საქმეა. მით უმეტეს იმ დროს, როცა ეკონომიკურმა კრიზისმა უამრავი მცირე მეწარმე დააყენა პრობლემის წინაშე. ბევრმა ბიზნესი საერთოდ დახურა. სამოქალაქო სოლიდარობა, თუნდაც ერთი პრობლემის მოსაგვარებლად, ვფიქრობ, საჭირო და აუცილებელია", -აღნიშნავს ლაშა მესხი.

ქრისტინე გამთენაძე