ტერორისტების მუქარა ინვესტორებს არ დააფრთხობს

"ისლამური სახელმწიფოს" წევრების მუქარა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა. საფრანგეთში ტერაქტის შემდეგ ტურისტების რაოდენობა მცირდება, რამდენიმე ავიაკომპანიამ პარიზში ავიამიმოსვლა შეაჩერა, საერთაშორისო ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა. "რეზონანსი" დაინტერესდა, აჭარელი ისლამისტების გზავნილი რა გავლენას მოახდენს ბიზნესპროექტების განხორციელებაზე და უქმნის თუ არა ეს ქვეყანას არასტაბილურობის იმიჯს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება, რაც ეკონომიკურ სტაბილურობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.

ბიზნესმენები და ეკონომისტები ისლამისტების საქართველოს მიმართ გზავნილებს სერიოზულად არ აღიქვამენ და განმარტავენ, რომ ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებას გადააფიქრებინებს. ბიზნესმენი ზურაბ ლალაზაშვილი, მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ საფრთხეს, რომელზედაც "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი რადიკალები საუბრობენ. თუმცა, იგი ხაზს უსვამს, რომ მსგავსმა მუქარამ შეიძლება დააფიქროს ინვესტორი, რომელიც მსხვილი, ასეულ მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპირებს. შედარებით პატარა მასშტაბის პროექტებზე ასეთი ტიპის განცხადებები გავლენას არ ახდენს. "ამ საფრთხეს ბიზნესისთვის სერიოზულად არ აღვიქვამ, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა", - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი და ინვესტიციებისთვის ხელის შემშლელ სხვა ფაქტორებზე საუბრობს. კერძოდ, ინვესტორისთვის მიმზიდველია დიდი ბაზრები, მოსახლეობის მაღალი მსყიდველუნარიანობა, ასევე რეგიონში პროდუქტის რეალიზაციის მასშტაბები, შრომითი და ბუნებრივი რესურსები. ბიზნესმენისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილური, პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. მაგალითად, ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი რეგულაციები ინვესტორს აბნევს. "ჩვენთან პროგნოზირების პრობლემაა, ვინაიდან იცვლება რეგულაციები, ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი, მომავალში რა ტიპის კანონმდებლობა გვექნება. ხშირად შემოდის ახალი ინიციატივა. ასევე პრობლემაა მაღალკვალიფიციური ადამიანების მოძიება, მაგალითად, მენეჯერების. ამასთანავე, საქართველოს ბაზარი არის პატარა, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია", - ამბობს ლალაზაშვილი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორებისთვის ერთადერთი სტიმული არის ის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააჩნია. "უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ საქართველოში მცირეა პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ევროკაშვირის ბაზარზე გავიდეს. რაც შეეხება რეგიონს, აქაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია მაღალი კონკურენტუნარიანობით ვერ გამოირჩევა", - მიიჩნევს ლალაზაშვილი.

"ისლამური სახელმწიფოს" წევრების მუქარაში საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომიკის მცენიერებათა დოქტორი ავთო სილაგაძე და ისიც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმელად სხვა ბარიერებზე საუბრობს.

"თავისთავად ცხადია, ტერორიზმი გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ტერაქტებმა თავისი გავლენა იქონია ვალუტებზე, აქციების ფასზე. რაც შეეხება საქართველოს, ამ გზავნილის გამო რაიმე არსებით გავლენაზე საუბარი არასერიოზული იქნება", - ამბობს ავთო სილაგაძე. იგი მიიჩნევს, რომ ინვესტორს სჭირდება სტაბილურობა, ლიბერალური გარემო, დახვეწილი კანონმდებლობა და, რაც მთავარია, ქვეყანაში საკუთრების ხელყოფის საშიშროება არ უნდა არსებობდეს. "ზოგიერთი ქვეყანა ინვესტორებს სტიმულს აძლევს კიდეც და უცხოური კაპიტალის შემოსვლაზე გარკვეულ წახალისებას აწესებს. ესაა დაბალი საგადასახადო რეჟიმი, ანუ შედარებით უკეთესი, ვიდრე თავიანთ ქვეყანაშია. თუკი ყველაფერი სხვა ქვეყნებთან თანაბარი იქნება, მაშინ აქ რატომ მოვა ინვესტორი? ჩვენ გვაქვს ერთი უპირატესობა ისე, როგორც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს - აქ სამუშაო ძალა არის შედარებით იაფი. ასევე შედარებით იაფია უძრავი ქონება, რომლის ფასი მომავალში აუცილებლად გაიზრდება. ეს ის ფაქტორებია, რომელიც განაპირობებს ინვესტიციების შემოსვლას", - ამბობს ავთო სილაგაძე.

ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის აზრით, შეუძლებელია, რომ ვიღაც რამდენიმე მებრძოლის განცხადება სერიოზულად აღიქვა, თუმცა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც აზარალებს. "სამწუხაროდ, მეზობელ ქვეყნებში არსებული ნებისმიერი დაძაბულობა მეტ-ნაკლებად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველო ჯერ არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც ინვესტორის თუნდაც ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფს. გუშინწინდელი განცხადებები კი ნამდვილად არ მოახდენს გავლენას ინვესტიციების შემოდინებაზე. როგორ შეიძლება რამდენიმე მეომრის რაღაც განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ. არ დაგვავიწყდეს, რომ ვართ სახელმწიფო, გვყავს სპეციალური სამსახურები. ასეც არ არის, რომ რამდენიმე "ბოევიკის" გაცხადებებზე გული გაგვისკდეს", - ამბობს ღაღანიძე. აქედან გამომდინარე, ეკონომისტები გაცილებით დიდ საფრთხეს მეზობელ ქვეყნებს შორის მოსალოდნელ კონფლიქტებში ხედავენ. შესაბამისად, ინვესტორებისთვის არა მარტო საქართველო, არამედ მთელი რეგიონი ხდება რისკის მომცველი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"