საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი დღეისათვის გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.  მათივე ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.