დავით ნარმანია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს პირადად წარუდგენს

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს პირადად წარუდგენს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გრძელდება ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებაზე მუშაობა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც საკრებულოს გააჩნია. "ბიუჯეტის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და მისი ცალკეული პროექტებისა და პროგრამების დაზუსტება იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ მივიღეთ საკრებულოდან დეკემბერში. როგორც ეს კანონით არის დადგენილი, მე ვაპირებ პირადად მივიტანო ბიუჯეტი საკრებულოში როგორც შარშან გავაკეთე. ერთი მხრივ, ანგარიში ჩავაბარო დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე გავაცნო წელს დაწყებული და ის პროექტები, რომლებიც 2016 წელს უნდა განვახორციელოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, თბილისის მერის განმარტებით, მათ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ითვალისწინებენ. "შენიშვნებს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ შემოსავლების ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს გამოყოფილი", - აღნიშნა თბილისის მერმა.