უკრაინას რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა

რუსული გაზის მიწოდება "ნეფტოგაზ უკრაინისთვის" დღეიდან წყდება, გამომდინარე იქიდან, რომ ავანსის გადახდა დასრულდა, დამატებითი თანხები კი არ მიგვიღია, - სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განუცხადა. მისი თქმით, "ნეფტოგაზ უკრაინას" მხრიდან გაზის მიწოდებაზე განცხადება არ მიუღიათ, შესაბამისად, გაზის მიწოდება წყდება უკრაინული კომპანიის მიერ ახალი გადასახადების გადახდამდე.

"ამავდროულად, ახლა, სერიოზული სიცივეების დადგომამდე, უკრაინამ აქტიურად დაიწყო გაზის შერჩევა მიწისქვეშა საცავებიდან, რომლებიც ისედაც არასაკმარისადაა შევსებული. რუსული გაზის შესყიდვაზე უარის თქმა სერიოზულ რისკებს უქმნის უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში გაზის საიმედო ტრანზიტს", - განაცხადა მილერმა.