ახალი კრიპტოვალუტა – Bitwalking თქვენს ნაბიჯებს ფულად აქცევს

მსოფლიოში კიდევ ერთი ახალი კრიპტოვალუტა – Bitwalking გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ფულს სიარულის დროს გამოიმუშავებთ.

ვალუტის გენერირება შესაძლებელია სმარტფონის აპლიკაციით, რომელიც საკუთარი მომხმარებლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დაითვლის. ყოველი 10 ათასი ნაბიჯის სანაცვლოდ, რაც დაახლოებით 8 კილომეტრია, ფეხით მოსიარულეები ერთ კრიპტოდოლარს მიიღებენ.

Bitwalking(BW$)-ის მფლობელები საწყის ეტაპზე კრიპტოვალუტის დახარჯვას ინტერნეტ-მაღაზიებში შეძლებენ. სურვილის შემთხვევაში კი ნაღდ ფულზე გადაცვლაც შეეძლებათ.

ახალი კრიპტოვალუტის შექმნის იდეა ნისან ბახარსა და ფრენკი იმბესის ეკუთვნით, რომელთაც თავიანთი იდეის რეალიზაციისთვის საწყისი ფონდების სახით 10 მილიონი დოლარი მიიზიდეს. „ბიბისის“ ცნობით, ძირითადად ეს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციაა.

თავის მხრივ, იაპონური კომპანია Murata ახალი სამაჯურის შექმნაზე მუშაობს, რომელიც თავის მფლობელს აჩვენებს, რამდენი ნაბიჯი გაიარა და რამდენი კრიპტოვალუტა დააგროვა.